საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობას დაამტკიცებს

საქართველოს მთავრობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობას დაამტკიცებს.

კანონპროექტების პაკეტს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი ის პარლამენტს გადაეგზავნება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტორების მოზიდვა წარმოადგენს.

„ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით, რაც გახლავთ 4-პუნქტიანი პროგრამის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი კერძო კომპანია ჩაერთოს ამ პროექტების განხორციელებაში. იმისათვის, რომ ჩვენ მაღალი რეპუტაციის და ძალიან მაღალი ხარისხის მოთამაშეების მოზიდვა შევძლოთ და რათა ისინი არა მხოლოდ კონტრაქტორებად, არამედ ინვესტორებად შემოვიდნენ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო სტანდარტების, კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობა. სწორედ ამიტომ მივმართეთ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს, აზიის განვითარების ბანკს, ასევე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამონაწილეობით, ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით მოხდა ამ კანონპროექტის შემუშავება, რომელიც საბოლოო ჯამში შექმნის იმ გარემოს, რაც საერთაშორისო სტანდარტებით იქნება დამაკმაყოფილებელი მაღალი ხარისხის ინვესტორი კომპანიების შემოსაყვანად ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ეს, ერთი მხრივ, გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცელების ხარისხს, მეორე მხრივ, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს უფრო მიმზიდველს გახდის კერძო კომპანიებისთვის და მესამე მხრივ, ეს არის მნიშვნელოვანი განტვირთვა სახელმწიფოს სუვერენული ბალანსის, ანუ საბიუჯეტო ხარჯების კუთხით, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რომ უფრო დიდი მასშტაბის პროექტების განხოციელებისთვის განვტვირთოთ ჩვენი სახელმწიფო ბიუჯეტი და კერძო კომპანიები მაქსიმალურად ჩავრთოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს. ეს კანონმდებლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი ამყარებს კარგ ბალანსს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ინტერესებს შორის ისე, რომ საჯარო ინტერესი არ დაზიანდეს და ამავე დროს კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის იყოს საინტერესო ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.