საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი გახსნა.
ტერმინალის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ “ტავ ჰოლდინგის” პრეზიდენტი სანი შენერი, თურქეთის ტრანსპორტის საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციის მინისტრი, ასევე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული ავიაციისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის “ტავ ჯორჯიას” მადლობა გადაუხადა.
მოფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობა 2016 წლის 27 ივნისს დაიწყო და პირველი მგზავრები მიმდინარე წლის 12 ივლისს მიიღო. ახალი მოფრენის ტერმინალის ფართობი 12 000 კვ მეტრია.
ტერმინალს აქვს ახალი ჩასხდომის ხიდი ორი გასასვლელით, რომელიც ორ თვითმფრინავს ერთდროულად ემსახურება. ასევე ახალ ტერმინალში 4 ავტობუსის კარი და 5 ახალი თვითმფრინავის სადგომია. ასევე მოეწყო 250 მანქანაზე გათვლილი ახალი ავტოსადგომი. შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გაფრენისა და მოფრენის ტერმინალებით წელიწადში 4 მილიონ მგზავრს მოემსახურება.