გიორგი კვირიკაშვილი - დარწმუნებული ვართ, რომ წელს ვიზეიმებთ მეშვიდმემილიონე ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში

დარწმუნებული ვართ, რომ წელს ვიზეიმებთ მეშვიდმემილიონე ვიზიტორის ჩამოსვლას საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს უკვე შეუძლია მგზავრებს შესთავაზოს არა მარტო კომფორტული ინფრასტრუქტურა, არამედ მიმართულებების ძალიან ფართო არჩევანი.

"დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ავიაკომპანიებისა და მგზავრებისთვის და შემდეგი წლები, კიდევ უფრო წარმატებული იქნება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ტავ ჯორჯიას“, ,,ტავ ჰოლდინგს“ და ეკონომიკის სამინისტროს გაწეული სამუშაოებისა და იმ შედეგებისთვის, რომელსაც დღეს ჩვენ აქ ვხედავთ", - აღნიშნა პრემიერმა და აეროპორტში არსებულ გამოფენაზე ისაუბრა.

"მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო აქ მოწყობილ გამოფენას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გულგრილს არავის დატოვებს. ეს არის უნიჭიერესი ონელი ახალგაზრდის, 18 წლის ზაურ გამყრელიძის პროექტი, გამოფენა და ნამუშევრები. მინდა გითხრათ, გვაქვს იდეა, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტში მოვაწყოთ ასეთი გამოფენები ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოსაჩენად, რათა პირველ რიგში ყველა სტუმარს, საქართველოში ჩამოსვლის პირველივე წუთებიდან მივცეთ შესაძლებლობა, გაიცნოს ჩვენი კულტურა, ჩვენი უნიჭიერესი ახალგაზრდების და ხელოვანების შემოქმედება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს. მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ თითოეულ სტუმარს და დარწმუნებული ვართ, რომ წელს ვიზეიმებთ მეშვიდმემილიონე ვიზიტორის ჩამოსვლას სქართველოში, ამ მშვენიერ, ახალ ტერმინალში. გილოცავთ დღევანდელ დღეს", - მიმართა პრემიერმა მიწვეულ სტუმრებს.