როგორ უთარგმნიან გიდები ტურისტებს სტვეტიცხოველს

ყოფილან გიდები, რომლებიც მაგალითად სვეტიცხოველს Столбазверь-ს ეძახდნენ. ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს.

ამის შესახებ ექსპერტმა ტურიზმის საკითხებში ვატო ასატაშვილმა რადიო "პალიტრას" გადაცემაში ”საქმე” გააკეთა.

"ბოლო 15 წელში იმდენი მაგალითი დაგროვდა, რომ ამოუწურავი თემაა. სწორედ ესაა არაპროფესიონალიზმის ნაწილი,” - აღნიშნა ვატო ასატაშვილმა.

მისი თქმით, ტურისტულ ბაზარზე კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემაა. სფეროში კადრების და მით უფრო, კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. შედეგად, ტურისტები ხშირად უხარისხო მომსახურებასა და საქართველოს ამა თუ იმ კუთხისა თუ ძეგლის შესახებ არასწორ ინფორმაციას იღებენ.

“კვალიფიკაციის კუთხით საქართველოში დღეს მოთხოვნა უფრო დიდია, ვიდრე მიწოდება. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, იყო საუბარი იმაზე, რომ ისინი ქართველებს სამუშაოს ართმევენ. არავინ არავის არაფერს არ ართმევს. ამ სფეროში პიკურ პერიოდში სამუშაო ადგილი უფრო მეტია, ვიდრე დასაქმებულები. კვალიფიკაციასთან დაკავშირებით კი დღესდღეობით სერიოზული პრობლემა გვაქვს განათლების კუთხით. ასევე პრობლემა გვაქვს გამოცდილების კუთხითაც, რადგან გამოცდილებას ერთ თვეში და ერთ წელიწადში ვერ მიიღებ. ამას დრო სჭირდება,” - განაცხადა ასატაშვილმა გადაცემაში "საქმე".