ძალიან მნიშვნელოვანი იყო ახალი ტერმინალის დამატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ქუმსიშვილის განცხადებით, წელს 7 მილიონ ტურისტზე მეტს ველოდებით.
“თქვენ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შარშან, წლის დასაწყისში დავიწყეთ აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა. ასევე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობაც. საკმაოდ მოკლე პერიოდში დასრულდა ოპერირებად აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და დღეს უკვე გავხსენით ახალი მოფრენის ტერმინალი, 7 მილიონზე მეტ ტურისტს ველოდებით, ალბათ, წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა გაიზრდება”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პირველმა ვიცე-პრემიერმა აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელს, ქეთი ალექსიძეს პერსონალურად მადლობა გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, თავიდან ბოლომდე იყო ჩართული პროცესებში.
ქუმსიშვილმა გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა ასევე ავიაკომპანია “ტავ ჯორჯიას” ხელმძღვანელობას.