ქართული ნატურალური კოსმტიკის და ხელნაკეთი საპნების მწარმოებელი სტარტაპი -”ბაქსი ნატურალე” 30 სექტემბერს საკუთარი მაღაზიის გახსნას გეგმავს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ნატა გუბელაძემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მაღაზია ჰუალინგი - თბილისის ზღვის პლაზას პირველ სართულზე განთავსდება.
”მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ჩვენი კომპანიის ყველა სახის პროდუქტი. ”ბაქსი ნატურალეს” ნატურალურ კოსმეტიკას განსაკუთრებული შენახვის პირობები სჭირდება. ახალ მაღაზიაში, რა თქმა უნდა, დაცული იქნება ყველა შესაბამისი სტანდარტი”, - აღნიშნავს ნატა გუბელაძე.
”ბაქსი ნატურალე” ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა. საწყის ეტაპზე კომპანია მხოლოდ ხელნაკეთ საპნებს აწარმოებდა. თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე, თანდათან ასორტიმენტი გაიზარდა და დღეისთვის ”ბაქსი ნატურალე” ნატურალური პროდუქციის რამდენიმე ხაზითაა წარმოდგენილი.
ნედლეული, რომლითაც ქართველი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნატა გუბელაძე საკუთარ ექსკლუზიურ რეცეპტებს ამზადებს, ძირითადად ევროპიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდან ჩამოდის.
”ჩვენი პროდუქცია ნატურალური მცენარეული კოსმეტიკური ზეთებით მზადდება, რომლებსაც ემატება სხვადასხვა ბიოლოგიური აქტივები სხვადასხვა ფუნქციით. მაგალითად, ანტიმიკრობული, დამატენიანებელი, ასაკობრივი და სხვა.”- განმარტავს ნატა გუბელაძე.
ამ ეტაპზე ”ბაქსი ნატურალე” 12 დასახელების ხელნაკეთ საპონს ამზადებს, მათგან ყველაზე გამორჩეული საფერავისა და რქაწითელის გამოყენებით იქმნება.
ახლო მომავალში კი მომხმარებლებს ”ბაქსი ნატურალეს” რძის შრატის საპნის შეძენის შესაძლებლობაც ექნებათ.
”5 საპონი არის კოსმეტიკური, აღნიშნულ პროდუქციას არ აქვს სამკურნალო დატვირთვა, უბრალოდ სხვადასხვა ტიპის კანისთვის არის მიზანშეწონილი. ასევე ვამზადებთ სამკურნალო საპნებსაც, კანის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ, როგორიცაა აკნე, ფსორიაზი, სებორეა და სხვ. ერთ-ერთი გამორჩეულია ”კასტილია”, რომელიც კასტილიური რეცეპტითაა დამზადებული. მასში გამოიყენება ცივი გამოწურვის ზეითუნის ზეთი, საპონი არის ჰიპოალერგიული, ჰიპოდამატენიანებელი და ძალიან მგრძნობიარე კანისთვისაც გამოდგება", - ამბობს ნატა გუბელაძე.
რაც შეეხება კოსმეტიკის ხაზს, ”ბაქსი ნატურალე” მომხმარებელს ამ კუთხითაც ნატურალური პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. კოსმეტიკა ყველა ტიპის კანისთვის მზადდება. წარმოდგენილია როგორც სახის კრემები, ტონიკები, კოსმეტიკური რძე და შრატები, ასევე ტანის ლოსიონები, კრაბები, თმის მოვლის საშუალებები და სხვა.
რაც შეეხება ფასებს, როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ”ბაქსი ნატურალეს” ფასები ნებისმიერ სხვა ბიოპროდუქტთან შედარებით გაცილებით დაბალია.
”ყველანაირად ვცდილობთ, რომ პროდუქციის ღირებულება იყოს ძალიან ხელმისაწვდომი. მაგალითად, კოსმეტიკური საპნები 100 გრამიანი შეფუთვით - 6 ლარი, ხოლო სამკურნალო 7 ლარი ღირს. რაც შეეხება კრემებს, ფასები აქ 25-დან 55 ლარამდე მერყეობს. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს პროდუქციაში შემავალ ყველა ნედლეულს აქვს ევროკავშირში ბიოკოსმეტიკაში დაშვებულობის სერთიფიკარტი.”-ამბობს "ბაქსი ნატურალეს" დამფუძნებელი.
”ბაქსი ნატურალეს” პროდუქციის კიდევ ერთი მიმართულება წვერის მოვლის საშუალებებია.
”წვერის მოვლის საშუალებების დამზადებაც ბაზრის მოთხოვნა იყო. დღეისთვის საკმაოდ სერიოზული ასორტიმენტი დაგროვდა, მაგალითად, საპნები სპეციალურად წვერისთვის. წვერის შამპუნები, წვერის დამატენიანებელი ზეთები ბუნებრივი ეთერზეთებით, წვერის ბალზამები და წვერის ცვილი.”
კომპანია ნატურალურ საპნებს და შამპუნებს ცხოველებისთვისაც ამზადებს. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ პროდუქცია არ იწვევს ალერგიას, კანის გამოშრობას და დაშვებულია მათი ხშირი გამოყენება.
”ბაქსი ნატურალე” ცოტა ხნის წინ ”თიბისი ბანკის” პროგრამა სტარტაპერში ჩაერთო და სტარტაპსესხითაც ისარგებლა. თანხა ნატა გუბელაძემ კომპანიის გაფართოების მიზნით გამოიყენა.
ქრისტინე გამთენაძე