საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასმა თითქმის 60 დოლარს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ დოლარი პოზიციებს იუმჯობესებს, "შავი ოქრო" მაინც ძვირდება და 2017 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, საერთაშორისო ტენდენციამ ქართულ ბაზარზეც მოახდინა გავლენა. როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 20 თეთრით გაძვირდა. ჯერჯერობით არც საერთაშორისო ბირჟებსა და არც ადგილორივ ბაზარზე საიმედო არაფერია.
აღსანიშნავია, რომ "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი ამჟამად 578 დოლარი ღირს, ხოლო 1 ტონა დიზელი – 538 დოლარი. რაც შეეხება საქართვლეოში მოქმედ საბითუმო ბაზარს, 1 ლიტრი ბენზინი და დიზელიც 1.79 ლარის ფარგლებშია (ცდომილება დაახლოებით 1 თეთრია).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ დღესდღეობით ნავთობის ფასი წლის ყველაზე მაღალ ნიშნულზეა და ძნელი სათქმელია, მოვლენები როგორ განვითარდება. ერაყის რეფერენდუმი, ოპეკ-ის შეთანხმება და ამერიკაში ქარიშხლების ტალღა ფასის ძირითად განმსაზღვრელ კომპონენტებად იქცა. თუ ვითარება არ შეიცვალა, მთვრალაშვილი, საწვავის ფასის გაძვირებასთან ერთად, თანმდევ პროდუქტებსა და მომსახურებაზე ფასის ზრდასაც არ გამორიცხავს.
"ნავთობის ფასი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა ბოლო დროს მისმა ღირებულებამ წლის პიკურ მაჩვენებელს მიაღწია. ამ დღეებში ნავთობის გაძვირება უკავშირდება ერაყში ჩატარებულ რეფერენდუმს ქურთული სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. ქურთისტანი ერაყის ავტონომიაა, სადაც განლაგებულია მნიშვნელოვანი ნავთობსიმძლავრეები. გარდა იმისა, რომ ქურთისტანი ნავთობმომპოვებელი რეგიონია, მის ტერიტორიაზე ტრანზიტულად თურქეთის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება ხდება. ამ რეფერენდუმმა საკმაოდ დაძაბა სიტუაცია როგორც თურქეთსა და ქურთისტანს შორის, ასევე ირანსა და ქურთისტანს შორის. ერდოღანმა გააკეთა განცხადება,# რომ თუ სიტუაცია გართულდება, ის უარს იტყვის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და გადაკეტავს ნავთობსადენს. ასეთმა პროცესებმა თავისი გავლენა მოახდინეს ნავთობის ფასზე.
ამას ემატება ოპეკ-ის შეთანხმება. ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ შეთანხმება 100%-ზე მეტით სრულდება. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამერიკაში ქარიშხლების უარყოფითი შედეგიც, რომელმაც შეანელა ნავთობის მოპოვების პროცესი.
საბოლოოდ, მივიღეთ იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. მომავალში როგორ წარიმართება მოვლენები, საკმაოდ ძნელი სათქმელია. გამორიცხული არაფერია, უნდა ველოდოთ როგორც მატების, ასევე კლების ტენდენციას, რადგან წინასწარ არ ვიცით, ვითარება როგორ შეიცვლება.
საერთაშორისო პროცესებმა გავლენა საქართველოს შიდა ბაზარზე უკვე მოახდინა. ეს საკმაოდ რთულ და მძიმე ვითარებას ქმნის. საწვავის გაძვირება პარალელურად ფასს გაზრდის თანმდევ პროდუქტებსა და მომსახურებაზე, იქნება ეს ავიაბილეთები, სატაქსო მომსახურება თუ სხვა", -განუცხადა "რეზონანსს' მთვრალაშვილმა.
სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ ამის ანალიზის გაკეთება რთულია, თუმცა ცვლილებები ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება მოვლენები საერთაშორისო ასპარეზზე. "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელ და დირექტორ ზაალ იაკობიძის თქმით, საქართველო მთლიანად საერთაშორისო ბაზრის კონიუნქტურაზეა დამოკიდებული. პროგოზის გაკეთაბა ახლა თრულია, მაგრამ თუკი საერთაშორისო ბაზარზე ვითარება არ შეიცვალა, საქართველოში იმ სასაქონლო პაკეტის გაძვირებას უნდა ველოდოთ, რომელშიც საწვავის კომპონენტი მნიშვნელოვანია.
"საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა ნამდვილად არ არის სასიამოვნო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დოლარი ცდილობს, პოზიცია გაიუმჯობესოს. ჩვენი ქვეყანა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის იმპორტზე, ამჟამინდელი ვითარება კი, რასაკვირველია, უარყოფითად აისახება.
საწვავის ფასი, როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სადგურებზე საკმაოდ მომატებულია. თუ ასეთი ტენდენცია კიდევ გაგრძელდა, უნდა ველოდოთ ფასების გაზრდას სხვა პროდუქტებსა და მომსახურებაზე, სადაც მნიშვნელოვანი წილი უჭირავს საწვავს.
ზოგადად, ბაზარს 3 კვირა სჭირდება, რათა ახალი ფასები დაარეგულიროს და ნორმალურ რეჟიმში განაგრძოს მუშაობა. თუ გადავხედავთ "პლატცის" ფასს, ამჟამად 1 ტონა ბენზინი 578 დოლარი ღირს, ხოლო დიზელი - 538. რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, 1 ლიტრი ბენზინიც და დიზელიც 1.79 (პლუს-მინუს 1 თეთრი) ფარგლებში მერყეობს," - განუცხადა "რეზონანსს" იაკობიძემ.
ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"