„ვალუტის სისუსტე სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის“

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, ხელისუფლებამ წლების განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადადგა, თუმცა მიუხედავად ამისა, ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ იზრდება. 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, 2016 წელს კი მხოლოდ მცირედით გაიზარდა. რაც შეეხება 2017 წელს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 346.6 მლნ აშშ დოლარი იყო. ეს მაჩვენებელი 2016 წლის მეორე კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 14.3 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება პირველ კვარტალს, წელს საქართველოში 404.4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14.3 მლნ აშშ დოლარით მეტია. ამ ზრდამ, პირველი პერიოდის შედეგზე დადებითი გავლენა მაინც ვერ მოახდინა და პირველ და მეორე კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.5 პროცენტით შემცირდა.

მთავრობის აქტივობის მიუხედავად, რატომ არ იზრდება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები? - მიზეზი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვკითხეთ. უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ გავცნობოდით მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის თითქმის ორი კვირის წინანდელ განცხადებას, რადგან ახალი არაფერი ჰქონდათ სათქმელი. ამ განცხადებაში კი, უცხოური ინვესტიციების შემაფერხებელ მიზეზებზე საუბარი არ ყოფილა... მოგვიანებით აღნიშნული კითხვა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს, ნინო ჩიქოვანს დავუსვით. „ამ თემაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციას სრულად ვიზიარებ. სტატისტიკურ მონაცემებში ასახული კლება მსხვილი პროექტების დასრულებას უკავშირდება. მაგალითად, სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოვება ბოლო ეტაპზეა, შესაბამისად BP-ს მიერ მცირდება დაფინანსებაც და ბუნებრივია ეს სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახება. მოგეხსენებათ, რომ მონაცემების მიხედვით ინვესტიციები შემცირებულია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და ენერგეტიკის სფეროებში, თუმცა სწორედ ამავე სფეროებში ველით ახალ დიდ პროექტებს ნავსადგურისა და ჰიდროელექტროსადგურის სახით, რაც სავარაუდოა, რომ ინვესტიციების კლების ტენდენციას მატებისკენ შეცვლის. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ არის სექტორები, სადაც სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ინვესტიციების ზრდა დაფიქსირდა. ასეთია: მშენებლობა, უძრავი ქონება, სასტუმროები და რესტორნები. მშენებლობის სექტორში ერთი წლის განმავლობაში ინვესტიციები 7-ჯერ არის გაზრდილი“, - აცხადებს ნინო ჩიქოვანი.

იმისთვის, რომ საინვესტიციო გარემო უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს, ქვეყანა ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს. მათ შორისაა: საკანონმდებლო სისტემის დახვეწა, სასამართლო სისტემის მოწესრიგება, პოლიტიკური სტაბილურობა, კორუფციის დაბალი დონე, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება, საექსპორტო პოტენციალის ზრდა - თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ქვეყნებთან, სახელმწოფო რეგულაციების შერბილება და სხვა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის მკვლევარის, დავით კეშელავას განცხადებით, ქართული საკანონმდებლო ბაზა მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს. პრობლემებია გადახდისუუნარობის საქმეების წარმოების და საკადასტრო სისტემის მოგვარების მიმართულებით. დავით კეშელავას თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს კანონმდებლობის ხშირი ცვლილება, რათა შექმნას ინვესტორებისთვის უფრო ადვილად პროგნოზირებადი გარემო.

ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სასამართლო სისტემის მოუწესრიგებლობა და ბიზნეს დავებია. ექსპერტთა განცხადებით, საჭიროა სასამართლოს სისტემის რეფორმა, რათა არ იყოს კითხვის ნიშნები სასამართლოს დამოუკიდებლობისა თუ მოსამართლეთა კვალიფიკაციის შესახებ. ინვესტორებისთვის ასევე საკმაოდ პრობლემატურია სასოფლო სამეურნეო მიწების რეგისტრაციის საკითხი. კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს არასტაბილური ვალუტა. „ჩვენთან ვალუტა არასტაბილურია. ეს კი ინვესტორებისთვის ძალიან დიდ რისკს წარმოადგენს. ასეთი ვალუტის პირობებში, არათუ ინვესტირება იქნებოდა მაღალი რისკის შემცველი, არამედ, ფაქტობრივად შეუძლებელია ბიზნესის კალკულაცია - როგორი უნდა იყოს ფასი ერთი თვის, 6 თვის, ან ერთი წლის შემდეგ. ვალუტის სისუსტე გადამდებია მთელი ეკონომიკისთვის და ასევე სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის ზოგადი ატმოსფეროს თვალსაზრისით. ვალუტის პრობლემები წარმოადგენს ერთგვარ სარკეს ქვეყნის და მისი მთავრობის…

დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, სწორედ მისი შესაბამისი მოცულობის და ხარისხის ინვესტიციებს იზიდავს“, - ამბობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტი გია ჯანდიერი.

კიდევ ერთი პრობლემატური საკითხი, რასაც საქართველოში ინვესტორები აწყდებიან, არაკვალიფიციური სამუშაო ძალაა. “გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული საკითხი, ბიზნესის კეთების შემაფერხებელ პრობლემათა შორის პირველ ადგილს იკავებს. სამწუხაროდ, საქართველოში განათლების ხარისხი საკმაოდ დაბალია (ამას საერთაშორისო გამოცდებში მოსწავლეთა მიერ მიღებული ქულები მოწმობს) და შესამჩნევია ზოგიერთი პროფესიის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა (სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფ-სასწავლებლების ხარისხის გაზრდა, ამასთანავე საკმაოდ დაბალ დონეზე რჩება განათლების ხარისხი)“, - გვითხრა დავით კეშელავამ.

ექსპერტთა განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს, ფინანსებზე წვდომის პრობლემაა. საქართველოში კაპიტალის ბაზარი განვითარებული არ არის. დავით კეშელავას განცხადებით, სწორედ ამიტომ კომპანიებს არ აქვთ შესაძლებლობა, კაპიტალი მოიზიდონ აქციების და ობლიგაციების ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვით, აქედან გამომდინარე, სახსრების მოზიდვის ერთადერთ გარე წყაროდ საბანკო კრედიტი რჩება, რაც მაღალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში ძვირი რესურსია. „თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ინვესტორებს, რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, რაც ზრდის ფინანსებზე წვდომას“, - ამბობს დავით კეშელავა.

რაც შეეხება პოლიტიკურ სტაბილურობას, რასაც უცხოელი ინვესტორებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ კუთხით ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, თუმცა დავით კეშელავას განცხადებით, კონფლიქტური ზონების არსებობა კვლავ ქმნის გარკვეულ დისკომფორტს ინვესტორთათვის. ქვეყანას საკმაოდ კარგი შედეგი აქვს კორუფციის დაბალი დონისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით. საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა.

საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ასევე მიღწეულია ჩინეთთან. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის მკვლევარის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების არსებობა, ქმნის მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რომ მოხდეს ქვეყანაში ექსპორტის წახალისება. “ასევე კარგი იქნება თუ საქართველო გამოიყენებს ე.წ. სამმხრივ მოდელს, რაც გულისხმობს ერთი ქვეყნიდან შემოტანილი ნედლეულის გადამუშავებას მოცემულ ქვეყანაში და შემდეგ ექსპორტზე გატანას სხვა დიდი ბაზრის მქონე ქვეყნებში. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ აუცილებელია მოხდეს იმ დარგების იდენტიფიკაცია, სადაც საქართველოს კონკურენტული უპირატესობა აქვს და სახელმწიფოს ხელშემწყობი პროგრამებიც სწორედ ამ დარგების განვითარებაზე იყოს ორიენტირებული”, - გვითხრა დავით კეშელავამ.

ბოლო პერიოდის სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მიმართ ყველაზე დიდი ინტერესი აზერბაიჯანელ ინვესტორებს აქვთ. 2016 წლის დაზუსტებული მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 56.2 პროცენტი იყო. ქვეყნების პროცენტულ სტრუქტურაში აზერბაიჯანი 35.6 პროცენტით არის პირველ პოზიციაზე, მეორე ადგილზეა - თურქეთი - 13.0 პროცენტით, ხოლო მესამეზე - გაერთიანებული სამეფო - 7.6 პროცენტით. 2017 წლის მეორე კვარტალს რაც შეეხება. ყველაზე დიდი მოცულობის უცხოური ინვესტიცია ქვეყანაში ისევ აზერბაიჯანიდან განხორციელდა. ინვესტიციის მოცულობამ 127 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, შემდეგ მოდის ნიდერლანდები 43 მლნ აშშ დოლარით და თურქეთი 39 მლნ აშშ დოლარით.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, 2016 წლის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში - 42.9 პროცენტი. მეორე ადგილზეა მშენებლობა - 8.3 პროცენტი, შემდეგ კი მოდის საფინანსო სექტორი - 8.2 პროცენტი. 2017 წლის მეორე კვარტალის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეკონომიკის სექტორებიდან უცხოელი ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი ისევ ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორია, თუმცა მიმდინარე წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 117.3 მლნ აშშ დოლარით არის შემცირებული. მეორე კვარტალში ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების 37.6 % ჩაიდო ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში, შემდეგ მოდის მშენებლობის სექტორი, სადაც უცხოური ინვესტიციების 20.2 პროცენტი იყო მობილიზებული და სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი - 8.4 %. 20 17 წლის ორი კვარტალის ჯამური მონაცემებით ამ ორ სექტორში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. მშენებლობის სექტორში სხვაობამ 108.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში კი ზრდა 38 მლნ აშშ დოლარი იყო.

იმის დასადგენად თუ როგორია ინვესტორების მოლოდინი ამა თუ იმ ქვეყანასთან დაკავშირებით, სხვადასხვა კვლევასთან ერთად, საჭიროა რეინვესტირების მონაცემების გაანალიზება. საქართველოს შემთხვევაში, რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2013 წლის შემდეგ მცირდება, თუმცა 2016 წელს, წინა ორ წელთან შედარებით ზრდა დაფიქსირდა. გასულ წელს რეინვესტირების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში 18.3 პროცენტი იყო, რაც 287.2 მლნ აშშ დოლარია. ეს კი 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მხოლოდ 0.6 პროცენტით აღემატება, 2015 წლის მაჩვენებელზე კი 9 პროცენტით მეტია. დავით კეშელავას განცხადებით, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილის ზრდა მიუთითებს, რომ საქართველოსთან მიმართებაში უცხოელი ინვესტორების პროგნოზი ოპტიმისტურია.

“რეინვესტირების პროცენტული წილის ზრდა პოზიტიური დასკვნების გაკეთების საფუძველს გვაძლევს. თუ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს დავაკვირდებით, 2016 წლის ბოლოდან, რეგიონის ქვეყნებში შეინიშნება 2014 წელს დაწყებული კრიზისიდან გამოსვლის პროცესი. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ინვესტორები პოზიტიურად არიან განწყობილი მომავლის მიმართ და აღრმავებენ საკუთარ ბიზნესინტერესებს საქართველოში“, - აცხადებს დავით კეშელავა.

მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში რეინვესტირების წილის ზრდა ოპტიმისტურად არ განაწყობს „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე პრეზიდენტ, გია ჯანდიერს. „სხვის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და არც მიყვარს პროგნოზების კეთება, თუმცა საქართველოს მსგავს პატარა ეკონომიკაში, კიდევ უფრო რთულია რამე სტატისტიკის ერთჯერადი მონაცემებით დასკვნების გაკეთება. 2003 წელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის წელი იყო, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ ერთი პროექტის - ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მიზეზით მოხდა, ხოლო ქვეყანაში სხვა თვალსაზრისით პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა და წელი დამთავრდა ვარდების რევოლუციით“, - გვითხრა გია ჯანდიერმა.

მცირე, ღია ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ ტიპის ქვეყნებში ხშირია კაპიტალის, სამეწარმეო უნარის და ბიზნეს გამოცდილების ნაკლებობა. „სწორედ ამიტომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უცხოური კაპიტალის შემოსვლა და ცოდნის გაზიარება. ამასთანავე, მოგეხსენებათ, საქართველო სავაჭრო დეფიციტის მქონე ქვეყანაა, ამიტომაც იმპორტის სიჭარბის შედეგად გადინებული უცხოური ვალუტის დაბალანსება რამდენიმე წყაროდან ხდება. ამ წყაროთა შორის კი ერთ-ერთ წამყვან პოზიციაზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და გზავნილები გახლავთ. რომ შევაჯამოთ, ჩვენნაირი მცირე, ღია ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ერთი მხრივ კაპიტალის, ცოდნისა და გამოცდილების, მეორე მხრივ კი უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა“, - აცხადებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მაკროეკონომიკური კვლევების ცენტრის მკვლევარი დავით კეშელავა.

სოფო ჩიხლაძე