სამი წელი ევროპის ბაზარზე

მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმება ამოქმედდა, საქართველოს ექსპორტი ჯამში 16%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ევროპის ქვეყნებში უამრავი დასახელების პროდუქცია გადის. თუმცა, ცხოველურ პროდუქტებზე, ჯერჯერობით, შეზღუდვა მოქმედებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მარიამ გაბუნია „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ცხოველურმა პროდუქტებმაც მოიპოვონ შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატი. თაფლის, მატყლისა და შავი ზღვის თევზის შემთხვევაში ეს უკვე მოხერხდა და ნაწარმი უკვე ევროპის ბაზარზეა.

- რამდენით გაიზარდა ექსპორტი ამ სამი წლის განმავლობაში?

- შედეგი ასეთია - DCFTA-ს ამოქმედების შემდგომ ექსპორტი ევროკავშირში 16%-ით არის გაზრდილი. მეტი თვალსაჩინოებისთვის, მაგალითად, 2014 წლის სექტემბრიდან ივლისის ჩათვლით 1 775 000 000 დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

- დინამიკაში როგორია მაჩვენებლები? რამდენით იმატებს ყოველწლიურად?

- დინამიკაში სხვადასხვა ტენდენციაა. თუ 2017 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ ექსპორტი 34 პროცენტითაა გაზრდილი.

- ძირითადად რა სახის პროდუქცია გადის ჩვენგან ევროპის ბაზარზე?

-აქტიურად გადის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია - სპირტიანი, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელი, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვები, წელს პირველად ხილის ჯემები და მურაბებიც გავიდა. ასევე მაგალითად თხილი, მინერალური წყალი. გარდა სასოფლო სამეურნეო პროდუქციისა, გადის სამრეწველო პროდუქციაც - ფეროშენადნობები, სასუქები და ა.შ.

- რისი გატანის უფლება გვაქვს და როგორ ხდება ამ უფლების მოპოვება?

- საქართველოდან ევროკავშირში ნებისმიერი სახის პროდუქტი შეგიძლიათ შეიტანოთ, უბრალოდ არის გარკვეული მოთხოვნები უვნებლობისა და უსაფრთხოების მიმართ, რომლის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროდუქცია ევროპის ბაზარზე ვერ მოხვდება. მაგალითად, თქვენ ხორცის, ან ხორცის პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე გატანა რომ მოინდომოთ, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ შეძლებთ, რადგან ვერ ვაკმაყოფილებთ იმ მოთხოვნებს, რაც ევროკავშირს ამ პროდუქციისადმი უვნებლობის კუთხით აქვს წაყენებული. ეს ეხება ხორცისა და ზღვის პროდუქტებს.

თუმცა, ცხოველური წარმოშობის რამდენიმე პროდუქტზე ევროკავშირისგან უკვე მივიღეთ აღიარება და მათი გატანა უკვე შესაძლებელია. აქ იგულისხმება მატყლი, თაფლი და შავი ზღვის თევზი. დანარჩენ პროდუქტებზე კი, სამწუხაროდ, ჯერ აღიარება არ გვაქვს, თუმცა, ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობთ, რეფორმებს ვახორციელებთ, ჩვენი კანონმდებლობა ეტაპობრივად ევროპის კანონმდებლობას უახლოვდება და ამ დაახლოების პარალელურად, ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შევა. ამას დრო დასჭირდება.

- რამდენად ხშირად სარგებლობენ ამ შესაძლებლობით კერძო პირები? არსებობს სტერეოტიპი, რომ DCFTA-ით სარგებლობა მხოლოდ მსხვილ კომპანიებს შეუძლიათ.

- ევროკავშირის ბაზარზე თავისი პროდუქტის გატანა ყველას შეუძლია. შეიძლება ეს სტერეოტიპი იმიტომ არსებობს, რომ ნებისმიერ ბაზარზე პროდუქტი რომ შეიტანო, სტაბილური მიმწოდებელი უნდა იყო და დიდი რაოდენობით უნდა შეგქონდეს. ჩვეულებრივ გლეხებს, წვრილ ფერმერებს, რომელთაც პატარა ნაკვეთები აქვთ, ცალკე გაუჭირდებათ ბაზარზე შესვლა, მაგრამ მათთვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. მაგალითად კოოპერატივები, რომლებშიც შეუძლიათ გაერთიანდნენ, ერთობლივი ძალებით აწარმოონ პროდუქტი და კოოპერატივის სახელით გაიტანონ. ამ მიმართულებით მთავრობაც აქტიურობს, არსებობს პროგრამები, რომლებიც ამ კოოპერატივების შექმნას ხელს უწყობენ.

- როგორ მოწმდება პროდუქტის ხარისხი? როგორია პროცედურა?

- როდესაც პროდუქტი ბაზარზე გადის, მას შესაბამისობის სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. თუ ეს სერტიფიკატი საერთაშორისოდ აღიარებულია, პროდუქტი ბაზარზე შედის. აქამდე საქართველოში მოქმედი ლაბორატორიები საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს ვერ გასცემდნენ, რადგან ჩვენს აკრედიტაციის ცენტრს საერთაშორისო აკრედიტაცია არ ჰქონდა. ამ მიმართულებით კარგი სიახლე გვაქვს ის, რომ წელს ჩვენმა ცენტრმა ევროკავშირის აკრედიტაცია მიიღო და მის მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიებს საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატების გაცემა შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის მომსახურებასა და პროდუქციაზე.

სწორედ შესაბამისობის სერთიფიკატის წარდგენის შემდეგ შევა პროდუქტი ბაზარზე. მაგალითად, ღვინოზე გავცემთ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და იგი ბაზარზე უპრობლემოდ შევა.

- სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან რა შედის ევროკავშირში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით?

- თხილი. საერთოდ, მსოფლიოში თხილის მსხვილი ექსპორტიორები ვართ და ევროკავშირის ბაზარი ჩვენი ბაზარია.

- რაც შეეხება ქვეყნებს, რომელ ქვეყანაში უფრო აპრობირებული აქვთ ქართველებს პროდუქციის შეტანა?

- ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში უფრო გადის პროდუქტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აქ ქართულ პროდუქტს უფრო იცნობენ. მაგალითად, ბალტიისპირეთში. შესაბამისად, მარკეტინგული თვალსაზრისით იქ ქართული პროდუქციის შეტანა უფრო მარტივია. თუმცა, ძველი ევროპის ქვეყნებშიც გადის - დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

- არის თუ არა ევროპის რომელიმე ქვეყანა, რომელიც ჯერ ათვისებული არ გვაქვს?

- სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ და ახლა ვერ გიპასუხებთ. რამდენადაც მახსოვს, ყველგან გადის, მაგრამ შეიძლება იყოს რომელიმე პატარა ქვეყანა, სადაც არ შედის.

- როგორია თქვენი პროგნოზები - რამდენი პროცენტით ელით მომავალ წელს ექსპორტის ზრდას?

-ექსპორტზე და მათ შორის, ევროკავშირში ექსპორტზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს. მოგეხსენებათ, 14-15 წელი მთელ რეგიონში კრიზისი იყო და შესაბამისად ეს ჩვენ ექსპორტზეც აისახა. თუმცა, ახლა გაჯანსაღების პერიოდი გვაქვს და წინა წლის სექტემბრიდან მოყოლებული ჩვენი ექსპორტი არა მხოლოდ ევროკავშირში, არამედ ზოგადად, მსოფლიოში ყოველთვიურად იზრდება.

პროგნოზების გაკეთება რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანია აქტიურად შევასრულოთ ის ვალდებულებები, რაც ასოცირების ხელშეკრულებით გვაქვს აღებული, რათა უფრო მეტი პროდუქტი დაიშვას ევროკავშირის ბაზარზე. ცხოველურ პროდუქციაზე განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს და ამ მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც თაფლი და თევზი გვიღიარა ევროკავშირმა და ახლა ამ პროდუქტის ექსპორტი შეგვიძლია, ასევე ვაპირებთ კიდევ რამდენიმე პროდუქტის მიმართთულებით გარკვეული ღონისძიებების გატარებას, რათა ეს პროდუქტებიც დაშვებული იქნას ევროპულ ბაზარზე.

თაკო მათეშვილი