29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება , - ამის შესახებ ”თბილისის სატრანსპორტო კომპანია” იუწყება.

”მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სატესტო რეჟიმის ფარგლებში, რაც მეტროს ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს, 29 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრის ჩათვლით, მეტროსადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამ პერიოდის განმავლობაში, მეტროს მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს მეტროსადგურ „დელისამდე“.

გადაადგილებისას შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, მგზავრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით, რომლებიც იმოძრავებენ მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.