ბოლო წლებში, საქართველოს გავლით ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვა მნიშვნელოვნად, 50%-ზე მეტით შემცირდა. ამის შესახებ, საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია შპს „ტრანსლოგისტიკის” დირექტორი, ჯაბა თარიმანაშვილი აცხადებს.
თარიმანაშვილი ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ნავთობტერმინალები მათი გამტარუნარიანობის თითქმის მეხუთედს იყენებენ. მისივე თქმით, სატვირთო გადაზიდვის შემცირების ფონზე, საქართველოს პორტებში გემთშემოსვლის რაოდენობაც მცირდება; სავაჭრო კომპანიები (ტრეიდერები) და ძირითადი მომწოდებლები კი არ საუბრობენ ბარიერებსა და პრობლემებზე, რადგან ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ, რომლებიც უფრო იაფი, უსაფრთხო და სწრაფია.
საგადასახადო კოდექსი, ინფრასტრუქტურა, ცალმხრივი სატარიფო შეღავათები, პირადი ინტერესები, შიდა სატრანსპორტო ტარიფები, გეოპოლიტიკა და ინტერესები - ეს ის ბარიერებია, რაც თარიმანაშვილის თქმით, საქართველოს გავლით გამავალი ტვირთის მოცულობებსა და რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების ეფექტიანობას ამცირებს.
„ტრანსლოგისტიკის” დირექტორი გადაზიდვებთან დაკავშირებით არსებულ თითოეულ ბარიერს განიხილავს და მათ შესაძლო გადაწყვეტასა და სამომავლო პერსპექტივებზეც საუბრობს.
„საგადასახადო კოდექსი
ქვეყანაში არ არსებობს ეფექტიანი და დარგზე მორგებული საგადასახადო პოლიტიკა. შესაბამისად, ქართული რეზიდენტი კომპანიის საქმიანობა ძვირდება და არაკონკურეტულ გარემოში იმყოფება. კერძოდ, საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებს, ისეთ ქვეყნებში რეგისტრირებული კომპანიებისგან მიღებულ მომსახურებებზე, რომელ ქვეყნებთანაც ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ შეთანხმება არ გვაქვს, არარეზიდენტის გადასახადი (10-15%-ის ოდენობით) ეხება; ამასთან, გემების მფლობელი ქონების გადასახადის სახით ქონების ღირებულების 1%-ს იხდის, ასეთი გადასახადები კი გემთმფლობელებისთვის მიუღებელია. შედეგად, ქართული კომპანიის როგორც საერთაშორისო ლოგისტიკური ოპერატორის, ტრეიდერის ან გემთმფლობელის სამეწარმეო საქმიანობა არარენტაბელურია.საგადასახადო პოლიტიკის ბარიერების გადაწყვეტის პერსპექტივა
აღსანიშნავია, რომ საქართველოში გარკვეული სეგმენტებისთვის შეღავათები უკვე არსებობს: თავისუფალი ინდუსტრიული ზონები (ფოთში, ქუთაისსა და თბილისში), სადაც საწარმოო ოპერატორები მოგებისა და ქონების გადასახადისგან განთავისუფლდებიან; თავისუფალი ტურისტული ზონა (ქობულეთში), სადაც სასტუმროს მფლობელები თავისუფლდებიან მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. თუმცა, ზემოთხსენებული შეღავათიანი რეჟიმები საერთაშორისო ლოგისტიკური, სანაოსნო და სავაჭრო კომპანიებისთვის არასაკმარისია, რადგან მათ სჭირდებათ კანონმდებლობა, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო ბიზნეს ოპერაციებზე – ვაჭრობის, გემების ოპერირებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით.ცალმხრივი სატარიფო შეღავათები
კასპიის ზღვის რეგიონის ქვეყნებიდან (ყაზახეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი) საქართველოს მიმართულებით, ტვირთნაკადების მოზიდვის მიზნით, სპეციალური შეღავათები მოქმედებს. თუმცა, შეღავათები არ არის გათვალისწინებული ტვირთების დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, შავი ზღვის პორტების ტერმინალებიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების გავლით კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების მიმართულებით გადაზიდვის წახალისებისათვის. გადაზიდვის ცალმხრივი სატარიფო შეღავათების პრობლემის გადაწყვეტა ორმხრივი სატარიფო პოლიტიკის შემუშავებაშია.ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით არსებული ბარიერი
კასპიის ზღვის სარკინიგზო ბორნების (13 გემი) წლიური გამტარუნარიანობა 95,000 სარკინიგზო ვაგონს ან 4,5 მილიონ ტონა ტვირთს შეადგენს. სარკინიგზო ბორნების საშუალო წლიური დატვირთვა დღეისათვის გამტარუნარიანობის მოცულობის ნახევარია ან ზოგჯერ 70% აღწევს. ბათუმისა და ყულევის ტერმინალები გამტარიანობის სიმძლავრის მხოლოდ 18-25% იყენებს. არასაკმარისია სანაპირო რეზერვუარების მოცულობები, მსხვილი ტანკერის (აფრამაქსის ტიპის 80-85 ათასი. ტონის ამწეობით, თხედავი ტვირთის გადასაზიდი გემის) საზღვაო პარტიის მისაღებად ან დასატვირთად, ისეთი ნავთობპროდუქტებისთვის, როგორებიცაა ბენზინი, დიზელის საწვავი, საავიაციო საწვავი, ისევე, როგორც არასაკმარისია რეზერვუარების მოცულობა და ტექნიკური შესაძლებლობა.გადაწყვეტილებები ინფრასტრუქტურული ბარიერებისთვის
გადაზიდვის ეფექტიანობის გასაზრდელად აუცილებელია კასპიის ზღვის სარკინიგზო ბორნების ოპტიმიზაცია; საკონტეინერო გემების სერვისის დანერგვა; ასევე ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ახალი ტვირთნაკადების მოსაზიდად, აუცილებელია საქართველოში არსებული ნავთობტერმინალების რეზერვუარებისა და ტექნიკური აღჭურვის ოპტიმიზაცია.გეოპოლიტიკა და ინტერესები
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ნავთობის მომწოდებლები აქტიურად საუბრობენ ან ახორციელებენ ნავთობის მოცულობების ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართებას, რომლებიც ადრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ან აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზისა და ტერმინალების მეშვეობით გადაიზიდებოდა. ხდება ამ ალტერნატიული მისლადენების აქტუალიზაცია, რაც უარყოფითად აისახება აზერბაიჯანი–საქართველოს ტრანს–კასპიური და შავი ზღვის დერეფანზე.გეოპოლიტიკისა და სხვა ინტერესების მოგვარების საშუალებები
კასპიის ზღვის ქვეყნებში ნავთობმომპოვებელ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი ალტერნატიული მარშრუტების არჩევანის უფლება. ამასთან, მომწოდებლებმა საკუთარი ნებით უნდა აირჩიონ ნავთობის ტრანსპორტირების მეთოდი, რადგან კასპიის ზღვის ქვეყნებში ცნობილია ნავთობის მრავალი უნიკალური სახეობა, მათ შორის - კუმკოლი, ბუზაჩი, თენგიზი, ჩელეკენი, ოკარემი, კიანლი ტიპის ნავთობები, რომლებიც საქართველოს რკინიგზისა და ტერმინალების გავლით აქტიურად მოძრაობდა და დღესაც არსებობს ნავთობმომპოვებელთა ინტერესი, საქართველო კვლავ ალტერნატიული მარშრუტების სიაში ჰყავდეთ.პირადი ინტერესები
რეგიონში და სატრანსპორტო დერეფანში, არსებობენ გარკვეული კომერციული ორგანიზაციები, რომლებიც გავლენას ახდენს სატრანზიტო გადაზიდვებზე. ხშირ შემთხვევაში ისინი ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ რესურსს იყენებენ, რათა ხელი შეუწყონ პირადი ინტერესების გატარებას, გარკვეულ სასაქონლო გარიგებებსა და მათთან დაკავშირებული კომპანიებისთვის. შედეგად, ვხედავთ ტვირთის მოცულობების უწყვეტ კლებას ჩვენს დერეფანში, ალტერნატიული მარშრუტების სასარგებლოდ, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების კომპანიებზე, ტერმინალებზე, პორტებზე, ეკონომიკასა და მთლიანად რეგიონის განვითარებაზე.პირადი ინტერესების ბარიერის გადაწყვეტა
სატრანსპორტო ინდუსტრიას, ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და მომსახურების განვითარება ესაჭიროება. სამართლიანსა და ღია ინტერნეტ პლატფორმას, მონიტორინგი დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა უნდა გაუწიონ, რომ თავიდან ავიცილოთ შესაძლო ინტერვენცია და ადმიანური ფაქტორის ზემოქმედება. მხოლოდ ამ გზით შეიძლება პირადი ინტერესებისა და პრეფერენციების დაძლევა, რაც ხელს შეუწყობს ტვირთნაკადების თავისუფალ გატარებასა და მომსახურების ეფექტიანობის ამაღლებას.შიდა გადაზიდვის ტარიფები
კომპანიები ნავთობპროდუქტების ავტოცისტერნების მეშვეობით გადაზიდვას ანიჭებენ უპირატესობას, რადგან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვისას ტარიფი ტონაზე საშუალოდ 3 დოლარით მაღალია. შიდა გადაზიდვების ეფექტიანობის ამაღლებისთვის კარგი იქნება ავტოგადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტზე გადავიდეს. თავის მხრივ, სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების მიმზიდველობის გაზრდისთვის კი მნიშვნელოვანია შიდა სარკინიგზო სატრანსპორტო განაკვეთების გადახედვა და შემცირება. ასევე სარკინიგზო ტრანსპორტის სიჩქარის გაზრდა,“-აცხადებს თარიმანაშვილი.მისივე თქმით, თუ არსებულ ბარიერების გადაწყვეტა არ მოხდება ალტერნატიული მარშრუტები განვითარდება და ჩვენი სატრანსპორტო დერეფანი, პოტენციური ლოგისტიკური და სავაჭრო პლატფორმის ნაცვლად, გარკვეულ ჩიხად ან დამატებითი ღირებულების არ მქონე გამტარად გადაიქცევა.