აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,8% დან 4,2%-მდე გაზარდა.
როგორც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო უწყება, 2018 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოში 4,5%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. აზიის განვითარების ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველო რეგიონის ისეთ ქვეყნებს უსწრებს როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ა. შ. ADB-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდის ძირითად მიზეზებად დასახელებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსება, ასევე ტურისტული ნაკადების მატება, გაზრდილი ფულადი გზავნილები და ექსპორტის გაუმჯობესებული მაჩვენებლები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის განცხადებით, ანგარიშის მიხედვით საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები დადებითად არის შეფასებული.
„საქართველო რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უკეთესად გაუმკლავდა საგარეო შოკს, რომელიც წინა წლებში იყო და ეს არის სწორი პოლიტიკის და მცურავი გაცვლითი კურსის დამსახურება. დოკუმენტში, ასევე საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია სატრანსპორტო და ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ, რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ექსპორტის ზრდას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას“, - აცხადებს ნინო ჯავახაძე.
რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, განახლებული პროგნოზით, აზერბაიჯანში 1.3%-იანი ვარდნაა ნავარაუდევი, სომხეთში კი პირიქით, 3.8%-იანი ზრდა.