რეალურად რა ზიანს აყენებს პოლიეთილენის პარკი ადამიანს და ბუნებას

ადვილია, ქალაქის ცენტრში მდგარი ცისარტყელის ყველა ფერით აჭრელებული მცენარე ნატვრის ხეში აგერიოთ და ცდუნებამ წაგძლიოთ, რომ ერთი სურვილი ჩაიფიქროთ. თუმცა ახლოს მისვლისას მიხვდებით, რომ ეს პოლიეთილენის პარკებით დატვირთული ერთი ჩვეულებრივი ჭადრის ხეა.

ხეები ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც პოლიეთილენის პარკების სიჭარბე შეინიშნება, მდინარეები, სახლის აივნები, ქუჩები, ეზოები, სადარბაზოები…ზოგადად, მათ ყველგან შეხვდებით. პოლიეთილენის პარკის პოპულარობა მისმა კომპაქტურობამ და მოხმარების კომფორტულობამ განაპირობა, თუმცა მისი პოპულარობა გარემოს საკმაოდ ძვირი დაუჯდა. ჯერ კიდევ 10 წლის წინ აღნიშნულ საკითხზე უარყოფით კონტექსტში არავინ საუბრობდა, უკანასკნელი ტენდენციების გათვალისწინებით, კი ის ახლა გარემოსდამცველებისა და სახელისუფლებო წრეების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

საგულისხმოა, რომ თუ პოლიეთილენისგან დამზადებული პარკებისა და ბოთლების გამოყენებამ არ იკლო, 2050 წლისთვის ოკეანეში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი და ბოთლი იქნება, ვიდრე თევზი. პრობლემა კიდევ უფრო შემაშფოთებელია თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პოლიეთილენი რთულად დეგრადირდება, უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და ზღვებისა და ოკეანეების ბინადრების სიცოცხლეს ემუქრება.

პოლიეთილენის პარკების ტოტალური გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნების დიდ ნაწილში მათი მოხმარებისა და წარმოების ამკრძალავი კანონპროექტები ამოქმედდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველაზე მკაცრი კანონმდებლობა ამ კუთხით კენიამ მიიღო.

ქვეყანაში, რომელიც, ფაქტობრივად, იძირებოდა პოლიეთილენის პარკებში, ახლა მათი გამოყენება 4-წლიანი პატიმრობით ან 40 ათასი დოლარიანი ჯარიმით ისჯება. ამ კანონის მიღებით, კენია იმ 40-მდე ქვეყანას შეუერთდა, სადაც პოლიეთილენის პარკების მოხმარება და წარმოება აკრძალულია ან მათზე ჯარიმა მოქმედებს. ამ ქვეყნების რიცხვში, დანია, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკა, ბრაზილია და ავსტრალიაც შედიან.

პოლიეთილენის წარმოების აკრძალვა ეფექტური აღმოჩნდა, თუ ჩინეთის მაგალითით ვიმსჯელებთ. შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედებიდან 4 წლის შემდეგ, გარემოში გამოყოფილი პოლიეთილენის ნარჩენების რიცვმა 40 მილიარდით იკლო. გარდა ამისა, მათი აკრძალვა ნათელი მესიჯია საზოგადოებისთვის, რომლისთვისაც რთულია იმის გაგება, რომ ერთი შეხედვით უვნებელი ფერადი პარკები გამოუსწორებელი ზიანის მომტანია მთელი პლანეტისთვის. გთავაზობთ იმ ძირითად მიზეზებს, რომლის გამოც პოლიეთილენის პარკების წარმოება და მოხმარება არ ღირს:

1. პოლიეთილენის პარკები ძირითად პოლიპროპილენისგან მზადდება, რომელიც ნავთობისა და ბუნებრივი გაზისგან იწარმოება. ყველა მათგანი წიაღისეული საწვავის მოპოვების შედეგად მიიღება. წიაღისეული საწვავი კი ამოწურვად რესურსს განეკუთვნება. ამ ნივთიერებების მოპოვებისა და წარმოებისას კი ატმოსფეროში დიდი რაოდენობით სათბურის აირები გამოიყოფა, რაც თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებაზე.

2. პოლიეთილენი რთულად დეგრადირდება. მისი გახრწნისთვის 500-დან 1000 წლამდეა საჭიროა. ხშირ შემთხვევაში, ჩიტებს, ცხოველებსა და წყლის ბინადრებს პოლიეთილენის მცირე ნაწილაკები საკვებში ერევათ და მათ მოხმარებას იწყებენ. შედეგად, ორგანიზმში ინფექცია უვითარდებათ, რაც მათთვის ფატალურად სრულდება.

3. პოლიეთილენის პარკები ადამიანის ჯანმრთელობასაც აზიანებს. მისგან ისეთი ქიმიური ნივთიერება გამოიყოფა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს და ჰორმონების ნორმალურ ფუნქციონირებას არღვევს.

4. პოლიეთილენის პარკების აკრძალვა კიდევ ერთ პოზიტიურ ფაქტს უკავშირდება. მოხმარების ბაზრიდან პოლიეთილენის ამოღება მათი ჩანაცვლების მოთხოვნილებას გააჩენს, რაც მწარმოებლებს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისკენ უბიძგებს.