საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობა შეაფასა. საკითხთან დაკავშირებით დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა, ბოლო წლების განმავლობაში, ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რეფორმა განხორციელდა და გამომდინარე აქედან, ბევრ რეპუტაციულ რეიტინგში საქართველო საკმაოდ მაღალ ადგილზეა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნული საკითხის მაგალითად „ღია ბიუჯეტის ინდექსი“ მოიყვანა, სადაც ნიკოლოზ გაგუას თქმით, საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასება იყო ერთ-ერთი ღრმა და შინაარსობრივი შეფასება, რაც კი მომხდარა. საკმაოდ ბევრი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა. შეფასებულ იქნა დაახლოებით 32 კატეგორიით, საიდანაც 20-ში საქართველოს აქვს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა. აღნიშნულმა ანგარიშმა ამას ხაზი გაუსვა, თუმცა გამოვლენილ იქნა რამდენიმე ისეთი ფაქტორი, სადაც გვაქვს სამუშაო და ბუნებრივია, ჩვენი სამუშაო გეგმა სწორედ იმაზე იქნება, რომ აღმოიფხვრას ის სისუსტეები, რომლებიც შეიძლება ითქვას, უფრო მეტად პროცედურული ხასიათისაა, ვიდრე შინაარსობრივი.
აღნიშნული საკითხების გამოსწორება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა საკმაოდ მარტივად იქნება შესაძლებელი, თუმცა არის ღონისძიებები, სადაც ჩვენ გვაქვს 4 წლიანი სამუშაო გეგმა და რიგი ღონისძიებები 2020 წლის ჩათვლით უნდა გატარდეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ და საქართველოს იყოს ლიდერი არა მხოლოდ რეგიონში. ჩვენ რეგიონში ლიდერები ვართ ფისკალური გამჭვირვალობის კუთხით“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.