საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახით შემოღებაზე რეფერენდუმის ჩატარების ვალდებულება 12 წლის განმავლობაში იარსებებს.
ამის შესახებ ჩანაწერი საქართველოს განახლებულ კონსტიტუციაში ჩაიწერა.
საუბარია, ძველი კონსტიტუციის 94-ე მუხლზე, რომლითაც საერთო-სახალხო გადასახადების გაზრდა ან ახალი გადასახადის შემოღება მხოლოდ რეფერენდუმის გზით იყო შესაძლებელი.
კერძოდ, კონსტიტუციის განახლებული რედაქციით, კანონის ამოქმედებიდან 12 წლის განმავლობაში, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება გარდა აქციზისა ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განახლებული კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის დანიშვნის უფლება აქვს საქართველოს მთავრობას.
„საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის შემოღება ან ცვლილება, რომელიც არსებული გადასახადის ალტერნატივაა ან ანაცვლებს მას და ამავე დროს არ ზრდის საგადასახადო ტვირთს. ამასთან, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღებად ან ზღვრული განაკვეთის გაზრდად არ ჩაითვლება გადასახადის სახის მიხედვით არსებული ზღვრული განაკვეთის ფარგლებში გადასახადის განაკვეთის ცვლილება. საპენსიო და სადაზღვევო შენატანები რეგულირდება კანონით და გადასახადებსა და მოსაკრებლებს არ წარმოადგენს,“-ნათქვამია კონსტიტუციაში.
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა 26 სექტემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცა. საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2 წინააღმდეგი მიიღეს.