ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, ორ თვეში გაივლის

„საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ფიქრობს, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი, დაახლოებით, 2 თვეში გაივლის , - ამის შესახებ ,,საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. მან დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან, თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.

,,ვფიქრობთ, დაახლოებით ორ თვეში მზად ვიქნებით, რომ გავატაროთ პირველი სატვირთო მატარებელი. რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა. ეს შედარებით საშუალოვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არის სურვილი, რომ კომერციული საქმიანობა მალე დაიწყოს, რის მიზეზადაც ბაზარზე მოთხოვნა და ამ კონტექსტში ჩინეთსა და თურქეთს შორის დღეს არსებული სავაჭრო რეჟიმი დაასახელა.

,,ბევრ კლიენტთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მზადაა, რომ საზღვაოდან ჩვენს ახალ მარშრუტზე გადმოერთოს და, შესაბამისად, ამოცანა დგას ასე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სატვირთო გადაზიდვები. შევეცდებით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, რომ 2 თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი", - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის სატვირთო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ მარშრუტმა მოიზიდოს დამატებითი ტვირთები დერეფნისთვის და არ წარმოშვას ჩვენი პორტებიდან ტვირთების გადმომისამართება.

,,ეს საკითხი არაერთხელ დაისვა და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუპასუხეთ, რომ სატარიფო პოლიტიკაში ჩადებული იქნება ისეთი მექანიზმები, რომლებიც პრიორიტეტს მიანიჭებს დამატებითი ტვირთების მოზიდვას, რომელიც დღეს ძირითადად დადის საზღვაო მარშრუტით და ის სცდება ჩვენს დერეფანს", - განაცხადა ბახტაძემ.