საჯარო სამსახურის ბიურომ სამინისტროებში დასაქმებული თანამდებობის პირებისთვის ტრენინგის ჩასატარებლად 100 ათას ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ტრენინგები 2017 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს. ტენდერში გამარჯვებულმა კი უნდა უზრუნველყოს სასტუმროს მომსახურება, კვება, სასტუმროში დაბინავების მომსახურება, შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზება.
ტრენინგის თემაა „ცნობიერების ამაღლება საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის სიახლეებსა და კორუფციის პრევენციის მექანიზმებზე.“
სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სასტუმრო, სადაც ტრენინგები ჩატარდება, უნდა მდებარეობდეს თბილისიდან არანაკლებ 50 და არაუმეტეს 150 კმ-მდე რადიუსში და იგი მინიმუმ 4 ვარსკვლავიანი უნდა იყოს. ტრენინგების მონაწილეები ნომრებში ცალ-ცალკე უნდა განთავსდნენ. ნომრები უნდა იყოს კომფორტული და აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკითა და ნივთებით. მონაწილეები უზრუნველყოფილები უნდა იყვნენ საუზმით, სადილით, ვახშმითა და ყავა-ჩაის შესვენებებით.
დაფინანსების წყარო: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტი.