ტრანსპორტის საქალაქო სამსახური ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს.
როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა მამუკა მუმლაძემ განაცხადა, იოსებიძის ქუჩაზე მანქანების გადაადგილებისთვის ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაიდგა.
მამუკა მუმლაძის განმარტებით, იოსებიძის ქუჩაზე ავტომობილებს მისვლა ხვიჩიას ქუჩიდან, საბურთალოს მხრიდან შეუძლიათ.
„როდესაც რეაბილიტაციის პროცესში მოძრაობა ცალმხრივზე გადავიყვანეთ, მაშინ ეს ნიშანი ავიღეთ და მოსახლეობაც გავაფრთხილეთ. იოსებიძის ქუჩა კი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ გარკვეული სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამ ქუჩით გვეტარებინა. მოგეხსენებათ, ეს, არდადაგების პერიოდი იყო. შემდეგ მანქანების მოძრაობამ რომ იმატა, მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა და ქუჩის საწყის ეტაპზე დაბრუნება მოითხოვა. მათ ცხელ ხაზზეც დარეკეს, ამიტომ იოსებიძის ქუჩაზე მანქანის მოძრაობისთვის ამკრძალავი ნიშანი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე აღვადგინეთ. ამკრძალავი ნიშნის დადგმას ჩვენ არ დავაჩქარებდით, რომ არ ყოფილიყო მცხოვრებლების მოთხოვნა. იოსებიძის ქუჩა რომ მეტად გამტარი გახდეს, მაშინ ერთ მხარეს მაინც პარკირება უნდა გაუქმდეს. ანუ შემდეგ თავს იჩენს პარკირების პრობლემა. აღსანიშნავია, რომ პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ დაკვირვების მუდმივ რეჟიმში ვართ, კერძოდ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რომ მანქანებმა თავისუფლად იმოძრაონ “, - განაცხადა მამუკა მუმლაძემ.
მძღოლების გარკვეული ნაწილი ჟვანიას მოედნიდან იოსებიძის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. როგორც ისინი ამბობენ, იოსებიძის ქუჩაზე მისასვლელად ალტერნატიული, თუმცა შორი გზის გავლა უწევთ და ისიც, საცობების პირობებში.