სად ბინავდებიან საქართველოში ჩამოსული ტურისტები და რომელ სეგმენტს ანიჭებენ უპირატესობას? - ამის თაობაზე საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ია თაბაგარი გვესაუბრება:
„მოგზაურობა და დასვენება ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამიტომ, ადამიანი აკეთებს არჩევანს - ძვირადღირებულ სასტუმროში წავიდეს, თუ შედარებით იაფფასიანი სეგმენტით ისარგებლოს. მაგალითად, ზღვისპირა კურორტებზე არის ადგილები, სადაც ადამიანს შეუძლია ღამე 5-10 ლარადაც გაათიოს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო თითქმის ყველა კატეგორიის ტურისტისთვის ხელმისაწვდომია. საოჯახო სასტუმროს თავისი კლიენტი ყოველთვის ეყოლება, რადგან არსებობს კატეგორია, რომელიც ოჯახურ გარემოში დასვენებას ამჯობინებს.
მაგალითად, ზოგიერთ უცხოელს, რომელიც საქართველოში ჩამოდის, სულაც არა აქვს ფინანსური პრობლემები, მაგრამ ურჩევნია ქვეყანა და ხალხი უფრო ახლოს გაიცნოს და საოჯახო სასტუმროშიც ამ მიზნით ჩერდება. თანაც, ამ ადამიანების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, ისინი ეკოტურიზმით არიან დაინტერესებული და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება აინტერესებთ“, - აღნიშნავს ია თაბაგარი.
მისი თქმით, არსებობს ვიზიტორთა მეორე კატეგორია, რომელიც კომფორტს ირჩევს და ყოველთვის საერთაშორისო კლასის სასტუმროში ბინავდება.
„ძვირადღირებულ და ცნობილ სასტუმროებს უფრო თბილისის, ბათუმისა და სხვა ქალაქების სტუმრები ირჩევენ. ასეთი ვიზიტორების რაოდენობა ზამთარში უფრო მეტია. ისინი ხშირად ბინავდებიან კახეთის სასტუმროებშიც, კერძოდ, კაჭრეთში, ყვარელში, სიღნაღში - სადაც მაღალი დონის სასტუმროებია და ზამთარში კონფერენციები და სემინარები იმართება. ასეთი ღონისძიებების მონაწილეები დასაბინავებლად კომფორტულ პირობებს ირჩევენ. სხვათა შორის, მე ახლა სიღნაღში ვარ და გაგიკვირდებათ, აქ იმდენი ხალხია. სიღნაღის ყველა სასტუმრო დაკავებული და გადატვირთულია. კარგია, რომ საქართველოს ყველა კუთხეში არის კარგი სასტუმროები, რომლებიც შეძლებულ ადამიანებსაც ემსახურებიან და საშუალო ფენის წარმომადგენლებსაც. მოკლედ, ჩვენს ქვეყანაში ისეთი ინფრასტრუქტურა ნამდვილად არის, სადაც სტუმრები გაჩერებას შეძლებენ“ - აღნიშნავს ია თაბაგარი.
უძრავი ქონების განცხადებების საიტ ss.ge-ს დირექტორი - ნიკა ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტურისტის არჩევანს მისი მატერიალური მდგომარეობა განსაზღვრავს.
„ბევრი ტურისტი, ვინც საქართველოში ჩამოდის, საცხოვრებლად ისეთ ადგილს ირჩევს, რომლის ფასიც მის ფინანსურ მდგომარეობას შეესაბამება. მსოფლიოში არსებობს ძალიან პოპულარული და ცნობილი საიტი, რომელთა დახმარებითაც ახერხებენ პოტენციური დამსვენებლები ბინის დაქირავებას. მათი დახმარებით ადვილად შეძლებთ ნებისმიერ ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას უპრობლემოდ შეარჩიოთ და დაიქირაოთ ბინა. მარტო უცხოური კი არა, ქართულოი საიტებიც აქტიურად არიან ჩართული ბინების გაქირავებაში. ასე რომ, ბინის მოძიება დღეს პრობლემა არ არის. ასეთი საიტები ძალიან ბევრ ბინას სთავაზობენ ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. უმეტესობა ცდილობს დიდი თანხა არ გადაიხადოს და ნორმალურ პირობებში მოხვდეს. ჩვენთან სასტუმროს მომსახურება იაფი ნამდვილად არ არის, ამიტომ ტურისტებიც პატარა საოჯახო სასტუმროებს ირჩევენ“, - ამბობს ნიკა ჯაფარიძე.
მისი თქმით, საქართველოს კურორტებზე ფასები ჭრელია: გააჩნია ბინის მდებარეობას და ფართობს, მაგრამ არის ბინები, რომლებიც 50 ლარად ქირავდება - იქ სავსებით ნორმალური პირობებია და ორი ადამიანი თავისუფლად მოთავსდება. რა თქმა უნდა, საოჯახო სასტუმროებს უფრო შეღავათიანი ფასები აქვთ. მათი მომსახურებაც გაუმჯობესებულია 4-5 წლის წინანდელთან შედარებით, რადგან თანამედროვე მოთხოვნებს ფეხი აუწყეს. რაც შეეხება ფასებს - საოჯახო სასტუმროებში დიდ სასტუმროებთან შედარებით განახევრებული ფასებია, თანაც, ზოგიერთი მათგანის სერვისი დიდი სასტუმროების სერვისს არ ჩამორჩება, ამიტომ, ჩვენი ქვეყნის სტუმრები დასასვენებლად უმეტესად ამ სექტორს ირჩევენ. ტურისტების უმრავლესობას სავსებით აკმაყოფილებს პირობები, რომელსაც საოჯახო სასტუმროები სთავაზობენ.
ნიკა ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ იგივე ხდება უცხოეთშიც.
„მაგალითად, თუ ვენეციაში წასვლა გსურთ და ფასებს შეადარებთ, პრესტიჟული სასტუმროები იქაც ძვირი ღირს, კერძო სექტორი კი, სტუმრებს გაცილებით შეღავათიან ფასებს სთავაზობს. ტურისტიც, თავისი ფინანსური მდგომარეობის მიხედვით წყვეტს, სად დაბინავდეს - ეს მექანიზმი თითქმის ყველა ქვეყანაში ერთნაირად მუშაობს, გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა,“ - აცხადებს უძრავი ქონების საიტის დირექტორი.
ხათუნა ჩიგოგიძე