„რეზონანსი" - შრომის ანაზღაურების კანონპროექტში ახალი ხვრელებია დატოვებული

კანონპროექტს საჯარო სექტორში შრომის ანაზღაურების შესახებ პარლამენტი 2018 წლისათვის მიიღებს. წესდება ზედა ზღვარი დანამატებისათვის წლიური სახელფასო სარგოს 20%, პრემიისათვის კი - 10%. ცვლილებების ნაწილი მოსწონს არასამთავრობო სექტორს, თუმცა არასაკმარისად მიაჩნია, რადგან საკითხების ნაწილი კვლავ დაურეგულირებელია.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მალე პარლამენტში შრომის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტის ინიცირება იგეგმება, რომელიც საჯარო სექტორში ხელფასებსა და სახელფასო დანამატებთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს. პროექტის მიხედვით არ მოხდება 2019-20 წლებში შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა. სახელფასო დანამატიც და პრემიაც მინიმალურ ზღვარში მოექცევა.

პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ახალი კანონი სრულად ვერ აგვარებს საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებს და აუცილებელია, პარლამენტში წარდგენამდე შეიცვალოს კანონპროექტის რამდენიმე აუცილებელი საკითხი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა უკვე გამოაქვეყნა ანალიზი კანონპროექტთან დაკავშირებით. როგორც IDFI – ში აცხადებენ, დამტკიცების შემთხვევაში კანონი არ გავრცელდება სხვადასხვა უწყების სპეციალური ან სამხედრო წოდების მოსამსახურეებზე, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მოსამსახურეებზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მოსამსახურეებზე და ა. შ.

IDFI-ში მიაჩნიათ, რომ გამონაკლისების დაწესება არ არის მიზანშეწონილი, რადგან იგი წინააღმდეგობაში მოდის საჯარო სამსახურის ერთიანობის პრინციპთან. მათი რეკომენდაციით, უნდა შემცირდეს განსხვავება საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს კოეფიციენტებში, რადგან ისინი არსობრივად ერთნაირი ტიპის თანამდებობებს წარმოადგენენ.

არასამთავრობო სექტორი ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის სახელფასო დანამატის მიღების კრიტერიუმების განსაზღვრას, რაც არსებული კანონპროექტით არ ხდება. მათივე თქმით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ამოქმედების რამდენიმეჯერ გადავადება და ხელფასებისა და დანამატების კანონის 2018 წელს მიღება მოწმობს იმას, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანების განაწყენებისაგან წინასაარჩევნოდ თავი შეიკავა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე ამბობს, რომ ახალი კანონპროექტი შეიცავს დადებით მომენტებს, თუმცა მთლიანად არ ცვლის ვითარებას და იძლევა დისკრეციის საშუალებას სახელფასო დანამატის გაცემის დროს, რაც დაუშვებელია.

"კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხი, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირების პრემიები და სახელფასო დანამატები. IDFI-ის პოზიცია არის, რომ მთლიანად შეიზღუდოს მინისტრებსა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებზე პრემიებისა და დანამატების გაცემა, რადგან ამავე კანონით გათვალისწინებულია, რომ დანამატის გაცემის საფუძველი არის ზეგანაკვეთური მუშაობა, დამატებითი ფუნქციების შესრულება და სხვა. ეს, რა თქმა უნდა, აქტუალურია საჯარო მოხელისათვის, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს ფაქტორი პოლიტიკური თანამდებობის პირისათვის.

მინისტრს, რომელიც კონკრეტულ დარგსა და სამინისტოს ხელმძღვანელობს, უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ დამატებითი არაანაზღაურებადი სამუშაოს შესრულება მოუწევს. აქედან გამომდინარე, ჩვენი აზრით, პრემიები და დანამატები მთლიანად უნდა შეიზღუდოს. ეს არ ნიშნავს, რომ ანაზღაურება უნდა შემცირდეს, პირიქით, ვთვლით, რომ მაღალი თანამდებობის პირების ანაზღაურება უნდა გაიზარდოს, რადგან დაბალი ხელფასი კორუფციის მაპროვოცირებელია.

შესაძლებელია, ერთსა და იმავე თანამდებობის პირს ჰქონდეს განსხვავებული ხელფასი. მაგალითისათვის, დეპარტამენტის უფროსს შეიძლება ჰქონდეს 2 000 ლარიც და ზედა ზღვარი 6 000 ათასიც, რაც უტოვებს დისკრეციას დაწესებულების ხელმძღვანელს, რომ საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე შეცვალოს სახელფასო სარგოს ოდენობა.

პოზიტიური ის არის, რომ დაწესდა შეზღუდვა პრემიებსა და დანამატებზე და განისაზღვრა ზედა ზღვარი. ასევე კანონში არსებობს ჩანაწერი, რომ 2018-20 წლებში არ მოხდება შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდა, თუმცა ამ კანონში რჩება არაერთი ხარვეზი", - აცხადებს საბა ბუაძე "რეზონანსთან".

სამართლის სფეროს სპეციალისტი ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი კანონპროექტით რჩება სუბიექტური გადაწყვეტილებებისათვის დიდი სივრცე. ხელისუფლება კი უპასუხისმგებლოდ იქცევა ქვეყნის წინაშე, როცა კანონპროექტის ამოქმედების ვადად 2018 წელს ასახელებს, როცა ყველა არჩევნები ჩავლილია. არადა, იქამდეც ყველა პირობა არსებობდა კანონის ასამოქმედებლად.

"ჩვენი ხელისუფლება, სამწუხაროდ, მოუფრთხილებლად ეპყრობა ევროასოცირების საკითხს, რომლის ერთ-ერთი წამყვანი თემა სწორედ საჯარო მმართველობის რეფორმაა. ამის დასტურია საჯარო სამსახურის მიღებასა და ამოქმედებასთან დაკავშირებული პროცესი. ჯერ 1 წლით გადაავადა მთავრობამ ამ კანონის მიღება, შემდეგ კი უკვე მიღებული კანონის ამოქმედება გადაავადა. სივრცე, რომლის პირობებშიც მართავს ხელისუფლება სისტემას, მათთვის კომფორტულია, რადგან დიდი შესაძლებლობაა დარჩენილი სუბიექტური გადაწყვტეილებისთვის. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავ კანონს ანაზღაურების შესახებ.

კანონის მიღება მხოლოდ ფორმალობა არ უნდა იყოს, სიახლე უნდა შემოდიოდეს, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ. ახალი რედაქციითაც დანამატი და პრემია დაწესებულების ხელმძღვანელის უპირობო დისკრეციაა. ასეთი კანონი გინდ გქონია, გინდ - არა. ახალი მხოლოდ დანამატის ზედა ზღვარია.

იმედი მაქვს, მიუხედავად მცირე შანსისა, მმართველი პოლიტიკური ძალა გააცნობიერებს, რომ ქვეყნის "ბედით" გარისკვა არ შეიძლება. უკვე ხელისუფლების ხელწერად იქცა, გადაავადოს კანონები არჩევნების წინ და ამით მოიგოს საჯარო მოხელეთა გული. იმედია, საკუთარ ვიწროპარტიულ ინტერესებს არ ანაცვალებს ხელისუფლება ქვეყნის მომავალს", - განუცხადა "რეზონანსს" ლევან ალაფიშვილმა.

რა შემთხვევაში იღებს პოლიტიკური თანამდებობის პირი დანამატს ან პრემიას, დერეგულირებულია და არ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, არც მიმდინარე კანონით და არც ახალი კანონპროექტით. ამ პირობებში ხელვაჩაურის გამგებლის წლიური სახელფასო სარგო 53 326 ლარია, რაც თვიურად 4 444 ლარი გამოდის და აღემატება როგორც ყველა გამგებლის, ასევე პრემიერ-მინისტრის ხელფასსაც. გარდა ამისა, ნადიმ ვარშანიძემ 2016 წელს რვაჯერ აიღო პრემია ხელფასის სრული ოდენობით.

თამუნა მუკბანიანი

გაზეთი "რეზონანსი"