საქართველოში მშობიარობის ფასები დაახლოებით 550 ლარიდან იწყება და 4 ათას ლარამდე ადის.
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კომფორტულ მომსახურებას აირჩევს მშობიარე.
მოგეხსენებათ, სახელმწიფოს მიერ ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარით, ხოლო საკეისრო კვეთა 800 ლარით ფინანსდება. თუმცა, კერძო კლინიკებში აუცილებლად მოგიწევთ საკუთარი ჯიბიდან გადახდაც, რადგან მომსახურების მინიმალური პაკეტიც კი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ოდენობას აღემატება.
მაგალითად, ”გაგუას კლინიკაში” მშობიარობის მინიმალური ფასი 690 ლარია. ამდენის გადახდა მოგიწევთ იმ შემთხვევაში, თუ 4 ადგილიან პალატას და გაუტკივარების გარეშე მშობიარობას აირჩევთ. საკეისრო კვეთის შემთხვევაში, იგივე 4 ადგილიან პალატაში 1045 ლარს გადაიხდით.
2-ადგილიანი პალატის შემთხვევაში ფიზიოლიგიური მშობიარობისას 850 ლარს გადაიხდით, საკეისროს დროს კი 1195 ლარს. 1 ადგილიანი პალატა ფიზიოლოგიური მშობიარობის დროს 1050 ლარი ჯდება, საკეისროს შემთხვევაში - 1395 ლარი. LUX პალატა - ფიზიოლოგიური - 1300 ლარი, საკეისრო - 1700 ლარი ღირს, ხოლო VIP პალატა - ფიზიოლოგიური -1 400 ლარი, საკეისრო - 1 800 ლარი.
იმ შემთხვევაში, თუ უმტკივნეულოდ მშობიარობას გადაწყვეტთ, ამ ფასებს კიდევ 150 ლარი ემატება. ხოლო თუ გინდათ, რომ კონკრეტულმა (ე.წ. აყვანილმა) ექიმმა გამშობიაროთ, კიდევ 280 ლარის დამატება მოგიწევთ.
სამშობიარო კლინიკა ”ჰერაში” მშობიარობა და მას შემდეგ 4-კაციან პალატაში განთავსება ფიზიოლოგიურის შემთხვევაში 650 ლარი ჯდება, საკეისროს შემთხვევაში კი - 1000 ლარი. ოთახის მეზობლების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ფასს 100 ლარი ემატება. LUX პალატა 1 300 ლარი (საკეისროს დროს 1500) ღირს. ექიმის აყვანა 300-დან 500 ლარამდე ჯდება. გაუტკივარება კი - 150 ლარი.
”იმედის კლინიკაში” მშობიარობის ფასები 750 ლარიდან იწყება. ფიზიოლოგიურ მშობიარობას ეპიდურალური გაუტკივარების შემთხვევაში აქაც 150 ლარი ემატება. საკეისრო კვეთის ფასები კი იმის მიხედვთაა განსხვავებული, თუ გაუტკივარების რომელ საშუალებას აირჩევს პაციენტი - ეპიდურალურს (1120 ლარი) თუ ნარკოზს ( 970 ლარი). განმეორებითი საკეისროს შემთხვევაში ფასები მცირედით კიდევ იზრდება. ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში კი ფასს 100 ლარი ემატება.
რაც შეეხება ჩაჩავას კლინიკას, აქ მინიმალური და მაქსიმალური ზღვარიც სხვებთან შედარებით განსხვავებულია - მშობიარობის ფასები 550 ლარიდან იწყება და პალატის კომფორტის მიხედვით 3 870 ლარამდე იზრდება.
მინიმალურ - 550 ლარიან მომსახურებაში შედის ფიზიოლოგიური მშობიარობა მორიგე ექიმთან, 3 ან მეტ კაციან პალატაში განთავსება, 4-ჯერადი კვება, ბავშვისთვის საჭირო ჰიგიენური ნივთები. პალატები არა მხოლოდ მეზობლების რაოდენობით, არამედ კომფორტითა და მომსახურების მრავალფეროვნებითაც განსხვავდება, შესაბამისად, ”ჩაჩავას კლინიკას” ფასების საკმაოდ ფართო ასორტიმენტი აქვს წარმოდგენილი.
რაც შეეხება მაქსიმალურ - 3 870 ლარიან პაკეტს, ამ ფასში შედის პალატა ”აპარტამენტში” განთავსება, მშობიარობა განახლებულ ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში, 3 დღე აპარტამენტის ტიპის პალატაში, სრული სამედიცინო მომსახურება, სტუმრების მისაღები ოთახი და ორანჟერია, 5-ჯერადი კვება, ბავშვისთვის და დედისთვის საჭირო ჰიგიენური საჭიროების ნივთები, სტუმრების პალატაში დარჩენის შესაძლებლობა და გაწერის წინ ჩაჩავას ესთეტიკური ცენტრის მომსახურება.
თაკო მათეშვილი