ლეგენდარული ჟურნალ "ფლეიბოის" ლეგენდარული დამაარსებელი, ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ჰეფნერი, რომელმაც მსოფლიოში ცნობილი ჟურნალი 1953 წელს დააარსა, საკუთარ სახლში, ლოს ანჯელესში, "ფლეიბოის" სასახლეში გარდაიცვალა.
ჰეფნერის შვილმა და "ფლეიბოის" მთავარმა კრეატიულმა ხელმძღვანელმა, კუპერ ჰეფნერმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "მამაჩემი გამორჩეული ცხოვრებით ცხოვრობდა, ის იყო პიონერი მედიის და კულტურის სფეროებში, წამყვანი ხმა მნიშვნელოვან სოციალურ და კულტურულ მოძრაობებში, თავისუფალი სიტყვის, ადამიანების უფლებების და სექსუალური თავისუფლების მხარდამჭერი. მან შექმნა ცხოვრების სტილი და ეთიკა, რომელიც ფლეიბოის ბრენდის საფუძველშია ჩადებული".
ჰეფნერი 1926 წელს დაიბადა ჩიკაგოში, მსახურობდა ამერიკის ჯარში მეორე მსოფლიო ომის დროს, დაამთავრა ილინოისის უნივერსიტეტი, მუშაობდა კოპირაიტერად გამოცემა "ესკუაერისთვის", სანამ ფლეიბოის შექმნიდა. ფლეიბოის პირველი ნომერი, რომელიც მის სამზარეულოში შეიქმნა და 8 000 დოლარით დააფინანსეს ინვესტორებმა, 50 000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.