2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში ხელფასის სახით გაცემული თანხა - 165 მილიონ ლარს აჭარბებს

2012 წლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ის) კვლევაშია ნათქვამი.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა. 2017 წლისთვის კი ეს მონაცემი 74 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი.

რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, ხოლო 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში ხელფასის სახით გაცემული თანხა - 165 მილიონ ლარს აჭარბებს.

რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 39 სსიპ/ა(ა)იპ-ში ხელფასის სახით, 29,5 მილიონი ლარი; ხოლო 2016 წელს 62 სსიპ/ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მილიონი ლარია გაცემული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ცნობით, კვლევა 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთაც გამოთხოვილი ინფორმაცია მოაწოდეს.

„წარმოდგენილი კვლევა, სამწუხაროდ, არ მოიცავს, მაგალითად, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს და იქ მიმდინარე ტენდენციებს, რადგან ამ უწყებებმა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს. საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ/ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობისა და საქმიანობის სფეროების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას ერთიანი სახით ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ,“-ნათქვამია კვლევაში.