თბილისში, მიმდინარე წლის ბოლომდე, 35 შენობა-ნაგებობა გამაგრდება.
როგორც თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში განაცხადეს, თბილისში 2013 წლიდან დღემდე დაზიანებულის ხარისხი 713 კორპუსს აქვს მინიჭებული, მათგან დღემდე 142 გამაგრდა.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ეს მონაცემები თბილისის რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან აღნიშნული შენობები მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე შემოწმდა.
”ეს არ არის თბილისის რეალური მონაცემები, ესაა შემოსული განცხადებები. შენობა-ნაგებობებს განცხადების საფუძველზე ვამაგრებთ”, - აცხადებენ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობები დაზიანების ხარისხის მიხედვით იყოფა და პრიორიტეტულია ის შენობები, რომლებიც დაზიანების მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
”რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია ის შენობა-ნაგებობები, რომლებიც უფრო მაღალი ხარისხის დაზიანებისაა. პირველი და მეორე ხარისხის შენობა-ნაგებობები არის ძალიან მინიმალური დაზიანებების მქონე, მესამე არის მწვავე დაზიანებები, რომლებიც ძალიან პრიორიტეტულია. მეოთხე უკვე დემონტაჟს ექვემდებარება. 2013 წლიდან დღემდე, შემოსული განცხადებების მიხედვით, შემოწმებულია და ხარისხი მინიჭებული აქვს 713 კორპუსს. 2013 წლიდან დღემდე 142 კორპუსი არის გამაგრებული. წლის ბოლომდე 35 შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია მოხდება. კეთილმოწყობის სამსახური 4 მაღალსართულიან შენობა-ნაგებობას ამაგრებს. მომავალ წელს უკვე დაგეგმილია 25 კორპუსის გამაგრება, თუმცა, ეს რაოდენობაც სავარაუდოდ 35-მდე ავა, რადგან ბიუჯეტი ამის საშუალებას იძლევა ”, - აცხადებენ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურში.