მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი, დაზარალებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება, - ამის შესახებ "ცენტრ პოინტის" საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ბრალდების მხარე "ცენტრ პოინტ ჯგუფსა" და კონკრეტულ ინვესტორს შორის მოლაპარაკების პროცესში არ ერევა და შესაბამისად არ აქვს რაიმე ინფორმაცია, კომპანიის გაყიდვის შესახებ.
"გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მას მიღწეული აქვს შეთანხმება კონკრეტულ ინვესტორთან. ბრალდების მხარე რა თქმა უნდა, დააზუსტებს დაზარალებულებთან, თუ რა პოზიცია გააჩნიათ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი. ბრალდების მხარის მიერ წაყენებულია პირობა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა გააჩნდეთ მათ პრეტენზია "ცენტრ პოინტ ჯგუფის" ხელმძღვანელი პირების მიმართ", - განაცხადა დავით გუმბერიძემ.
"ცენტრ პოინტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ცენტრ პოინტი" გაიყიდა. რჩეულიშვილი მყიდველის ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ უკვე დაწყებულია კომპანიის გადაბარების ტექნიკური პროცესი.