„სანამ ჯეჯელავა ვაშლებს არიგებს, 108 - ე საჯარო სკოლაში (ვარკეთილის მესამე მასივი) წვიმს“.
ამის შესახებ მონიტორინგის ცენტრის „მედიატორის“ დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
„80 000 ლარად ვაშლის ყიდვას ბავშვებს, რომ არ აწვიმდეს არ ჯობია ?“,-წერს ხაბეიშვილი.
როგორც "ბიზნესპრესნიუსს" 108-ე სკოლის დირექტორმა განუცხადა, სკოლაში სახურავის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც დერეფნის ნაწილში წყალი ჩამოვიდა.
„სკოლის სახურავი წლების მანძილზე პრობლემა იყო. ახლა გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის გამო, გუშინდელი წვიმის შედეგად დერეფნის ნაწილში წყალი ჩამოვიდა. თუმცა, არც არაფერი დაზიანებულა და არც საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილა,“ - აღნიშნა სკოლის დირექტორმა მაია მღვდელაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ დასრულდა სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე, დირექტორი განმარტავს, რომ გამოცხადებული ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა და სამუშაოების ზაფხულში დასრულება სწორედ ამის გამო ვერ მოესწრო.
მისივე თქმით, სახურავის გადახურვის სამუშაოები 26 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.