ბიტკოინი ფასი დღეს ისევ გაიზარდა და 4 000-დოლარიან ზღვარს ასცდა მას შემდეგ, რაც მის შესახებ დადებითი მოსაზრება, „მორგან სტენლის“ მთავარმა აღმასრულებელმა, ჯეიმს გორმანმა გამოთქვა.
ამერიკულ სავაჭრო პლატფორმა „ბიტფაინექსზე“ ყველაზე პოპულარული ციფრული ვალუტის კურსი 221.6 დოლარით (5.71%) გაიზარდა და 4,103.1 დოლარს მიაღწია. ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია კი 67.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
მანამდე, „JP მორგანის“ მთავარი აღმასრულებლის ჯეიმი დიმონის განცხადებამ, რომელიც ჩინეთის მიერ მის ტერიტორიაზე ციფრული ვალუტებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, ბიტკოინს და სხვა ციფრულ ვალუტებს მძიმე დარტყმა მიაყენა. დიმონმა ბიტკოინს თაღლითობა უწოდა და განაცხადა, რომ მის კომპანიაში არ გააჩერებს პირებს, რომლებსაც ციფრული ვალუტებით ვაჭრობასთან შეხება აქვთ.
გორმანის თქმით, მას ბიტკოინში ინვესტიციები არ აქვს, თუმცა აღიარა, რომ ეს ვალუტა „უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ახირება“. მანვე დაამატა, რომ ბიტკოინის მხარდამჭერი საბაზო პროგრამული უზრუნველყოფა - ბლოკჩეინი, „საინტერესოა მასში ჩადებული უნარით, დაიცვას მოსარგებლეთა კონფიდენციურობა“.
„მორგან სტენლის“ ხელმძღვანელმა ასევე ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო რეგულატორებს, ბიტკოინის და სხვა კრიპტო ვალუტების გამოყენების და ვაჭრობის შეზღუდვა რეალურად შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით, საინტერესო უნდა იყოს ჩინეთის მაგალითი, სადაც ბიტკოინით ვაჭრობა ოქტომბრის ბოლომდე უნდა შეწყდეს. თუმცა, ასეც თუ მოხდა, ეს ბიტკოინისთვის ადვილი გადასატანი უნდა იყოს, რადგან მისი გლობალური ვაჭრობიდან, ჩინეთზე მხოლოდ 10-13 პროცენტი მოდის.