ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც სამცხე-ჯავახეთზე გაივლის, ხელს შეუწყობს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, პროექტი ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ ათვისებას. გარდა ამისა, კვირიკაშვილის თქმით, ეს არის თანმდევი ინფრასტრუქტურის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ადგილობრივების დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობა.
„საქართველო-თურქეთის საზღვარზე აშენდა და ამოქმედდა ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახი“ და, პარალელურად, თურქეთშიც გაიხსნა საბაჟო გამშვები პუნქტი. ახალმა საბაჟო ინფრასტრუქტურამ მგზავრები უზრუნველყო კომფორტული და სწრაფი მომსახურებით, საგრძნობლად განიტვირთა სარფისა და ვალეს საბაჟო-გამშვები პუნქტები. გარდა ამისა, შეიქმნა სამუშაო ადგილები და გაჩნდა შემოსავლის დამატებითი წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბორჯომის მერობის კანდიდატი ლევან ლიპარტია იქნება, ახალციხის - ზაზა მელიქიძე, ადიგენის - ზაქარია ენდელაძე, ასპინძის - როსტომ მაგრაქველიძე, ახალქალაქის - იურიკ უნანიანი, ხოლო ნინოწმინდის - ანივარდ მოსოიანი.