შეგვიძლია თუ არა საქართველოში აღებული მართვის მოწმობით საზღვარგარეთ სარგებლობა?

საზღვარგარეთ დასვენება საქართველოს მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო პოპულარული ხდება. ძირითადი მიმართულება ქართველი ტურისტებისთვის ევროპის ქვეყნებია. მოგზაურობისას სხვა ქვეყანაში ავტომობილის დაქირავება კი სერიოზულ თანხებთან დაკავშირებული სულაც არ არის. საშუალო შემოსავლის მქონე ტურისტისთვის მანქანის დაქირავების ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია საქართველოში აღებული მართვის მოწმობის სხვა ქვეყანაში გამოყენება.

როგორც ALLNEWS.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, საქართველოში 2012 წლის 1 აგვისტოდან აღებული ეროვნული მართვის მოწმობით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში სარგებლობა შეგიძლიათ, დოკუმენტის გამოყენების ვადებს კი კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობა განსაზღვრავს.

რაც შეეხება 2012 წლის 1 აგვისტომდე აღებულ მართვის მოწმობას, სააგენტოს ინფორმაციით, მას საზღვარგარეთ ვერ გამოიყენებთ, შესაბამისად, საერთაშორისო მართვის მოწმობა უნდა აიღოთ.

"ამისთვის ეროვნული მართვის მოწმობა, პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ადგილზე შევსებული განცხადება და 110 ლარის გადახდა დაგჭირდებათ. საერთაშორისო მართვის მოწმობის აღება თუ უკვე გაქვთ ეროვნული მოწმობა, გამოცდების ხელახლა ჩაბარებას არ მოითხოვს.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 აგვისტოს შემდეგ აღებულ მართვის მოწმობას ვენის კონვენციის ქვეყნები ანუ თითქმის მთელი ევროპა აღიარებს.

თუმცა კონკრეტული ქვეყნის შიდა კანონმდებლობის გამო გაუთვალისწინებელი შემთხვევის თავიდან ასარიდებლად, უმჯობესია, საერთაშორისო მართვის მოწმობა აიღოთ," - განმარტავენ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.

როგორც სამინისტროს მომსახურების სააგენტოში განმარტეს, საქართველოში აღებულ საერთაშორისო მართვის მოწმობას მსოფლიოს თითქმის არცერთ ქვეყანაში შეზუდვა არ აქვს. გარდა ამისა, საერთაშორისო მართვის მოწმობას 3 წლიანი ვადა აქვს, რომლის ამოწურვის შემდეგ მისი განახლება მოგიწევთ. იხილეთ გაგრძელება