პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვას საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა

პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1 900 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისთვის ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვას, საკრებულოში კომისიების გაფართოებულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.

თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის და ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიების გაფართოებული სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ პარტიების ლიდერები, თბილისის მერობის კანდიდატები ესწრებიან.

სხდომაზე პირველ საკითხად იხილავენ საკითხს, რომელიც ეხება პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებულ 1 900 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. სხდომაზე ითქვა, რომ ამჟამად ამ ნაკვეთზე ღია ავტოსადგომია და ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კომპანია ითხოვს ერთ ლარად გადაეცეს აღნიშნული ფართობი და ადგილზე სანაცვლოდ განახორციელებს 1 მილიონი ლარის ინვენსტიციას, მოეწყობა რამდენიმედონიანი მიწისქვეშა პარკინგი.

სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილს მიწის ნაკვეთის შესასყიდად ბიუჯეტში თანხის შეტანაც კი არ უნდა და სიმბოლურ ფასად, 1 ლარად ითხოვს.

გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, შორენა ბუხრაშვილმა ითხოვა განმცხადებლებს წარმოედგინათ არსებობს, თუ არა აღნიშნულ ადგილზე პარკინგის მოსაწყობად გეოლოგიური დასკვნა. მისივე თქმით, თბილისის ავტომანქანებით გადატვირთული ქუჩებისათვის მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას მიესალმება, თუმცა აინტერესებს, არსებობს თუ არა ამ პროექტის მშენებლობისათვის გეოლოგიური დასკვნა.

ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილმა კი განაცხადა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე 220-ადგილიანი სასტუმროს ასაშენებლად უკვე გაკეთებულია გეოლოგიური დასკვნა. შესაბამისად, ასეთი დასკვნა არსებობს, თუმცა ამ სხდომაზე ეს ვერ წარმოადგინა.

სხდომაზე სიტუაციის დაძაბვის შემდეგ შორენა ბუხრაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, რომ არ გადასულიყვნენ პოლიტიკურ დებატებში და სამუშაო რეჟიმში გაეგრძელებინათ სხდომა.

სხდომაზე საკითხთან დაკავშირებით სიტყვა ითხოვა ზაალ უდუმაშვილმა. მისივე თქმით, ”ბიძინა ივანიშვილი ვერ გაძღა”, მას თაბორის მთაზე 40 ჰექტარი აქვს უკვე დაკანონებული და კიდევ ითხოვს. საპასუხოდ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ მას განუცხადა, რომ აღნიშნული მიწა ბიძინა ივანიშვილმა აუქციონის წესით შეიძინა. ზაალ უდუმაშვილის თქმით კი, ბიძინა ივანიშვილი ”თაბორის მთაზე, აღნიშნულ ფართობზე ზვიგენარიუმის მოწყობას აპირებს”.

”ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატის თქმით, იგი დღევანდელი კომისიების გაფართოებული სხდომის შედეგებს დაელოდება და ამ საკითხის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე შეტანის შემთხვევაში გააპროტესტებს.