2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 16.4 მლრდ აშშ დოლარია

2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 16.4 მლრდ აშშ დოლარი (39.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 113.1 პროცენტია.

ეროვნული ბანკი საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცია აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 617.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 385.1 მლნ აშშ დოლარით, საკურსო ცვლილებების გამო 208.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო ფასის და სხვა ცვლილებების გამო, შესაბამისად, 4.6 და 18.8 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სებ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.0 მლრდ აშშ დოლარი (16.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 48.0 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.0 მლრდ აშშ დოლარი (12.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 34.4 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 244.6 მლნ აშშ დოლარი (588.8 მლნ ლარი; მშპ-ს 1.7 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 835.8 მლნ აშშ დოლარი (2.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.8 პროცენტი) და 885.2 მლნ აშშ დოლარი (2.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.1 პროცენტი).

სებ-ის ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.4 მლრდ აშშ დოლარი (8.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 23.6 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 5.2 მლრდ აშშ დოლარი (12.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 36.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.5 მლრდ აშშ დოლარი (6.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 17.4 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 92.0 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2017 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, 9.9 მლრდ აშშ დოლარი (23.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 68.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 4.0 მლრდ აშშ დოლარია (9.6 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.4 პროცენტია.

სებ-ის ცნობით, 2017 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 46.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 41.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების გამო - 5.4 მლნ აშშ დოლარით. 2017 წლის მეორე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 244.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 200.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

„მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის" - 2003, შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.