ასეთი დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში წინსვლა ვერ გვექნება, მხოლოდ 4.3%-იანი ზრდა აგვისტოში იმ ღრმა პრობლემების გამოვლინებაა, რაც ბიძინა ივანიშვილის “ქართული ოცნების” 5-წლიანმა მმართველობამ შექმნა. ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.
მისივე თქმით, 2017 წლის აგვისტოში, 2016 წლის აგვისტოსთან შედარებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 20 ლარით გაიზარდა და 281 ლარი შეადგინა.
”საარსებო მინიმუმის ზრდა გამოწვეულია ფასების ზრდით, რომელმაც იმავე პერიოდში 5.7% შეადგინა. ფასების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ, ასევე მედიკამენტებზე და, ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. განსაკუთრებით დიდია ფასების ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 11,6%, რაც “ქართული ოცნების” მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად გადაეცა ზემოთჩამოთვლილ საკვებ პროდუქტებსაც. გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში კიდევ უფრო გაუძვირებს ცხოვრებას ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას. მათ მეტი საფასურის გადახდა მოუწევთ არა მხოლოდ ბუნებრივ აირზე, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც, რადგან გაზის ტარიფის ზრდა დამატებითი ბიძგი იქნება ინფლაციისთვის. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდაც”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ჯიუტად უარს ამბობს პენსიის ზრდაზე, ფასების ზრდის გამო საარსებო მინიმუმი კვლავ გაიზარდა.
”ფასების ზრდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია, ხელისუფლებისა, რომელიც თავად პრემიებსა და დანამატებს არ იკლებს, ხოლო როცა საქმე პენსიების ზრდასა და გაჭირვებული ადამიანებისთვის საარსებო შემწეობის დანიშვნაზე მიდგება, ამისთვის ბიუჯეტში სახსრებს ვერ პოულობს”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ქვეყანაში სიღარიბე გაიზარდა.
ჭიაბერაშვილის თქმით, გამოსავალია “ევროპული საქართველოს” მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც გადასახადების შემცირების გზით ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული.
წინასწარი შეფასებით, აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,3% შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2017 წლის პირველი რვა თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,7% შეადგინა.