“საწვავის ხარისხიდან გამომდინარე ყოველთვის საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს” – რას იწვევს მავნე გამონაბოლქვისგან დაბინძურებული ჰაერი

„ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის უფრო სისტემური, კვარტალში ერთხელ შემოწმება მაინც არის საჭირო“. ამის შესახებ, „PALITRANEWS-ის გადაცემაში „დღის თემა“ „მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრობის“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს საწვავის ხარისხი 14 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა და ხარისხობრივი ნორმების დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. თუმცა, ჩხობაძის შეფასებით, 14 სადგური ძალიან ცოტაა იმის დასადგენად, თუ რამდენად სუფთაა საწვავი.

„ეჭვი მაქვს, ყველა სადგურზე რამდენად არის ევრო 5 სტანდარტის საწვავი, რადგან რამდენადაც ვიცი, ბოლომდე არ გვაქვს ეს სტანდარტები მიღებული. საკმაოდ მაღალია გოგირდის შემცველობა ბენზინშიც და დიზელშიც, ასევე საწვავში ბევრი არომატული ნივთიერებაა, რაც შესაძლოა ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზი იყოს. საწვავის ხარისხიდან გამომდინარე საკმაოდ მძიმე სურათი გვაქვს ყოველთვის,“-განაცხადა ჩხობაძემ.

მისივე თქმით, უხარისხო საწვავის გამონაბოლქვი ბავშვებში დეფინიზმს, ან განვითარების შეფერხებას იწვევს, ასევე ჰაერის დაბინძურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს სასუნთქი სისტემის, ალერგიული დაავადებები და ა.შ.

რაც შეეხება საწვავის ხარისხს და სანქციებს, ავტოგასამართი სადგურები, სადაც საწვავის ხარისხი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში არ იქნება, 8 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. ფულადი სანქციებია განსაზღვრული ასევე ხარისხობრივ ნორმებთან შეუსაბამო საწვავის იმპორტის შემთხვევაშიც, რა დროსაც კომპანია 10 ათასი ლარით ჯარიმდება, ხოლო უხარისხო საწვავის წარმოება-გამოშვებაზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს 9 ათასი ლარით დაჯარიმებაა გათვალისწინებული.