რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელის ოლეგ საფონოვის განცხადებით, ავიაკომპანია „ვიმ-ავიას“ მგზავრების დაბრუნებაში „საქართველოს ავიახაზებიც“ ჩაერთვება. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
ორშაბათს ავიაკომპანია „ვიმ-ავიამ“ ოფიციალურად აღიარა, რომ მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო ფინანსები არ გააჩნია. პრობლემები შეექმნა „ვიმ-ავიას“ ათეულობით ათას მგზავრს როგორც რუსეთში, ასევე საზღვარგარეთ. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს კონტროლის ქვეშ მგზავრების დაბრუნებაში სხვა ავიაკომპანიები ჩაერთვნენ. აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებული ხარჯებისთვის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით, რუსეთის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 98 მილიონი რუბლი გამოიყო.
„ვიმ-ავიას“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე კოჩნევი და მთავარი ბუღალტერი ეკატერინა პანტელეევა დაკავებულები არიან.