ამერიკული ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფროსი შვილების კოლორადოს შტატის ქალაქ ასპენში ერთკვირიანი დასვენება ამერიკის ბიუჯეტს 330 ათასი დოლარი დაუჯდა.
აღნიშნული ინფორმაცია CBS-მა „ინფორმაციის თავისუფლების შესახებ“ კანონის საფუძველზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტროდან სასამართლოს გზით გამოითხოვა.
საუბარია ივანკა ტრამპზე, მის მეუღლეზე ჯარედ კუშნერზე, ერიკ ტრამპზე და მის მეუღლეზე. მიმდინარე წლის მარტში მათ სამთო-სათხილამურო კურორტზე ერთი კვირა გაატარეს, ხოლო მათ დაცვაზე შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ 330 ათასი დოლარი დახარჯა. კერძოდ, 26 ათასი დოლარი სატრანსპორტო საშუალებების ქირაობაზე, 22 ათასი - სამთო-სათხილამურო ტრასებზე პრეზიდენტის ოჯახის წევრთა თანხლებისთვის საჭირო აღჭურვილობაზე, 195,7 ათასი კი - სხვადასხვა სასტუმროებში ნომრების ქირაობაზე დაიხარჯა.