ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ციტრუსის მე-2 საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი „ციტრუსის ექსპორტი 2017“ გაიხსნა, რომლის მიზანიც ადგილობრივი ციტრუსის პოპულარიზაცია და სარეალიზაციოდ ახალი ბაზრების ათვისებაა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობაში აცხადებენ.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ავთანდილ მესხიძემ.
„აჭარის სოფლის მეურენობის მინისტრი ფორუმის მონაწილეების წინაშე გასული ციტრუსის სეზონის ანალიზითა და მომავალი გეგმებით წარსდგა. ფორუმის მსვლელობისას პრეზენტაციები გამართეს აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ციტრუსით დაინტერესებული მსხვილი კომპანიების წარმომადგენლებმა.
საერთაშორისო ფორუმში მეციტრუსეობის დარგის 9 ქვეყნის 27 კომპანიის 34 წარმომადგენელი მონაწილეობდა. იმპორტიორებმა ბელორუსიდან, რუსეთიდან, პოლონეთიდან, ლიტვადან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, უკრაინიდან და ტაჯიკეთიდან დაათვალიერეს ციტრუსის მიმღებ გადამამუშავებელი საწარმოები და ადგილზე გაეცნენ ციტრუსის საექსპორტო სამზადისის ტექნოლოგიურ პროცესებს.
ფორუმის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად ჩაქვის ციტრუსის სანერგე მეურნეობაში ნაადრევი ჯიშის ციტრუსის კრეფაში მიიღეს მონაწილეობა.
„ციტრუსის ფორუმი 2017“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.