როგორ მოხდება "ცენტრ პოინტისგან" დაზარალებულთა დაკმაყოფილება

"ცენტრ პოინტის" ახალი მფლობელი "ემ კვადრატი" ხდება - ამის შესახებ "მთელ კვირას" ერთ-ერთმა დაზარალებულმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალი კომპანიის წარმომადგენელი მათ ხვალ შეხვდება და დეტალებზე გაესაუბრება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს,  მაია რჩეულიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებას ახალი მფლობელი საკუთარ თავზე იღებს, რის სანაცვლოდაც მას "ცენტრ პოინტის" კუთვნილი მთელი უძრავი ქონება გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ "ცენტრ პოინტის" გაყიდვა საპროცესო შეთანხმების გაფორმების, შესაბამისად, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ციხიდან გათავისუფლების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა, თუმცა დათქმულ დროს ვერ ესწრება, რადგან ხელშეკრულება ჯერ ახალ კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. შეგახსენებთ, რომ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა 31 მარტს მიუსაჯა. პროკურატურა "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავება.

ადვოკატი მარი ცუცქირიძე "მთელ კვირასთან" საუბრისას აცხადებს, რომ ახალ კომპანიას "ცენტრ პოინტი", სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში გადაეცემა.

"საპროცესო შეთანხმება ჯერ ვერ ესწრება, რადგან პირველ რიგში ხელშეკრულება უნდა დაიდოს იმ ახალ კომპანიასთან, რომელიც "ცენტრ პოინტს" ჩაენაცვლება ხალხთან ურთიერთობაში. ჯერ ისევ სამუშაო რეჟიმში ვართ, რაღაც საკითხებს გავდივართ იურისტები და ფინანსისტები. სავარაუდოდ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ჯერ ამ ხელშეკრულებას მოეწერება ხელი", - აცხადებს ადვოკატი.

მისი თქმით, ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ყველა დაზარალებული, რომელთა დაკმაყოფილებაც უძრავი ქონებით მოხდება.

"ყველა დაზარალებული დაკმაყოფილდება იმით, რაც ხელშეკრულებით აქვთ ნაყიდი. ამის ვალდებულებას ახალი კომპანია საკუთარ თავზე იღებს, სანაცვლოდ კი მიიღებს "ცენტრ პოინტის" უძრავ ქონებას.

"როდესაც ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, შევიტანთ პროკურატურაში, სადაც უნდა დარწმუნდნენ, რომ გათვალისწინებულია ყველა დაზარალებულის ინტერესი. ამის მერე უკვე დავიწყებთ მეორე ეტაპზე, საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობას. ვვარაუდობთ, რომ ორივე საკითხი ოქტომბრის თვეშივე მოესწრება", - აცხადებს მარი ცუცქირიძე.

რაც შეეხება კომპანიის მყიდველის ვინაობას, ადვოკატი ამბობს, რომ ახალი მფლობელი პრეზენტაციას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გეგმავს და მის შესახებაც სწორედ მაშინ გასაჯაროვდება.

"ამ კომპანიამ თავად გვთხოვა, რომ ჯერ არ დავასახელოთ, რადგან სურს, პრეზენტაცია მოაწყოს და თავადვე წარადგინოს თავი. თუმცა მანამდე ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი", - აცხადებს ადვოკატი.

ერთ-ერთი დაზარალებული კი ამბობს, რომ ეს კომპანია "ემ კვადრატია" და მათთან შეხვედრა ხვალ უნდა შედგეს.

"ჩვენ პარასკევს ვიყავით პროკურატურაში და გვითხრეს, რომ შემოდის "ემ კვადრატი" და მათ წარმომადგენელთან შეხვედრა სამშაბათს გვექნება. ვნახოთ, რას გვეტყვიან", - აცხადებს დაზარალებული.

აღსანიშნავია, რომ თავად სამშენებლო კომპანია "ემ კვადრატი" "ცენტრ პოინტის" ყიდვას ჯერ არ ადასტურებს.

ნინი ქეთელაური

გაზეთი "რეზონანსი"