ჩვენ დავათვალიერეთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი ბავრა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს შორის ვაჭრობის განვითარებისთვის, არამედ კიდევ უფრო აამაღლებს ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსს.
ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, საბაჟო დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა, რომელიც სომხეთში ბავრას ახლადაშენებული საბაჟო გამშვები პუნქტის ოფიციალურ გახსნას დაესწრო.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს დელეგაციას, რომელშიც ასევე შედიოდა ვახტანგ ლაშქარაძე, პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა.
ვახტანგ ლაშქარაძის განცხადებით, დაახლოებით 1 წელიწადში დასრულდება ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობა საქართველოს მხრიდანაც, რომელიც ასევე თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით აღიჭურვება. მისი თქმით, ორი თანამედროვე საბაჟო გამშვები პუნქტის - „ნინოწმინდისა“ და „ბავღას“ არსებობა მნიშვნელოვნად წაადგება ეკონომიკურ მდგომარეობას.