GRASS - ბოლო 7 წლის განმავლობაში, წელს პირველი შემთხვევაა, როცა კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო წინსვლის ნაცვლად ჩამოქვეითდა

27 სექტემბერს გამოქვეყნებული 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, ბოლო 7 წლის განმავლობაში, წელს პირველი შემთხვევაა, როცა აღნიშნულ რეიტინგში საქართველო წინსვლის ნაცვლად ჩამოქვეითდა.

როგორც „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS) იუწყება, ყველაზე დიდი უკუსვლა ფიქსირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში როგორებიცაა: სოფლის მეურნეობის პოლიტიკა მინუს 39 პოზიცია, დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჩარჩო - 26 პოზიცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 25 პოზიცია, ფასიანი ქაღალდების რეგულირება -21 პოზიცია, ბიუჯეტის დეფიციტი -16 პოზიცია, სასკოლო განათლების ხარისხი -13 პოზიცია, ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში - 12 პოზიცია, ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურობა - 10 პოზიცია, ქრთამის აღება - 7 პოზიცია.

„ანგარიშში 137 ქვეყნის კონკურენტუნარიანობაა შესწავლილი, რომელთა შორის საქართველო 67-ე ადგილს იკავებს. მათი ცნობით, გასული 2016-2017 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველო 59-ე ადგილზე იყო. რეიტინგში საქართველოს პოზიცია 8 საფეხურით გაუარესდა, (რაც ძირითადად სხვა ქვეყნების მიერ პოზიციების გაუმჯობესებით არის განპირობებული) ჯამური სარეიტინგო ქულა - 4.3 იგივე დარჩა.

28 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ახალ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეცადა ძირითადად მხოლოდ პოზიტივზე გაემახვილებინა ყურადღება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეფასების 8 კომპონენტით საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ათეულშია (წინა წელსაც იგივე იყო). სამინისტრო თითქმის არაფერს ამბობს გაუარესებულ კომპონენტებზე, რაც წარუმატებლობის წარმატებად „გასაღების“ და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

რეალურად, 2017-2018 წლების ანგარიშის მიხედვით, საქართველოს შეფასების კრიტერიუმებიდან 54-ის ქულა გაუარესდა, 28-ის უცვლელი დარჩა, ხოლო 32-ის გაუმჯობესდა. ძირითადად გაუარესდა ის კომპონენტები, რომელთა შეფასების წყარო ბიზნეს სუბიექტების გამოკითხვაა.

„საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ რეკომენდაცია და სურვილია, რომ ხელისუფლება პრობლემების არსებობას და რიგ მნიშვნელოვან საკითხებში ვითარების გაუარესებას სათანადოდ გაანალიზებს და ამ ხარვეზების გამოსწორებას შესაბამის ძალისხმევას დაუთმობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ყურადღების მიღმა არ დარჩეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: სასამართლოს დამოუკიდებლობა, კორუფცია, ბიუჯეტის ეფექტურად ხარჯვა, განათლება და ა.შ. აღნიშნულ ანგარიშს ამზადებს ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, როგორიც მსოფლიო ეკონომიკური ფორუმია, მის შედეგებს კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორები ყურადღებას აქცევენ და ითვალისწინებენ.

გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშებს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 1979 წლიდან აქვეყნებს. ყოველ წელს დგება რეიტინგი, რომელიც ასახავს ქვეყნების კონკურენტუნარიანობის პოზიციებს მსოფლიოში. თითოეული წლის რეიტინგი წინა წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით არის შედგენილი. მაგალითად, 2017-2018 წლების ანგარიში 2016 წლის შეფასებას ემყარება. აღნიშნული ორგანიზაციის მეთოდოლოგიით, თითოეული ქვეყანა 114 კრიტერიუმით ფასდება. კრიტერიუმების ნაწილი მთავრობის ოფიციალურ სტატისტიკას ეყრდნობა. ისეთი კრიტერიუმებისთვის კი, როგორიცაა სასამართლოს დამოუკიდებლობა, კრიმინალის და განათლების დონე და სხვა (ჯამში 114-დან 85 კრიტერიუმი), ინფორმაციის წყარო მცირე, საშუალო და დიდ საწარმოთა გამოკითხვაა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნლოვანია, თუ როგორ აფასებს თავად კერძო სექტორი საქართველოს ბიზნეს გარემოს“, - აღნიშნულია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაცაში.