2018 წელს პენსიები და სოციალური დახმარება არ გაიზრდება

პრობლემაა ის, რომ პენსიების და სოციალური დახმარების ზრდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ვალი კი იზრდება , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას განაცხადა.

“ეს არის ბიუჯეტი, რომელშიც ჩანს რამდენიმე რამ: ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მომდევნო წელს პენსიების ზრდა; არ არის გათვალისწინებული ის გაჭირვება და გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში; არ არის გათვალისწინებული, მაგალითად, სოციალური დახმარებების აღდგენა იმ ხალხის მიმართ, ვისაც ის უსამართლოდ მოეხსნა; ამ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული მაგალითად რეგიონებისთვის დაფინანსების ზრდა, გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა. გარდა ამისა, ცალკე პრობლემატურია ის, რომ ამ ბიუჯეტით როგორც ჩანს, მთავრობა არ აპირებს შეიმციროს ადმინისტრაციული ხარჯები. რაც ასევე მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ იზრდება სახელმწიფო ვალი, შესაბამისად, თითოეულ მოქალაქეს მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ფულის გადახდა მოუწევს”, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე თქმით, მართალია ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, თუმცა ისევ საყოველთაო ჯანდაცვის და არა პენსიების და სოციალური დახმარების მიმართულებით. დეპუტატის შეფასებით, საყოველთაო ჯანდაცვა არის „უძირო ქვევრი, რომელშიც რაც არ უნდა მეტი ფული ჩაყარო, დაფინანსება მაინც არ ყოფნის“.