საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში პენსიების ზრდა დაანონსებული საპენსიო რეფორმის გამო არ არის ჩადებული.
ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენი მმართველობის პირობებში პენსიები ხელშესახებად გაიზარდა. თუ რატომ არ არის ამ ბიუჯეტში ჩადებული ზრდა, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია. არ არის ჩადებული ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ გვაქვს დაგეგმილი და დაანონსებული საპენსიო რეფორმა, რომლის მოდელი ითვალისწინებს სწორედ პენსიების ზრდას ეკონომიკური ზრდის პარალელურად. სწორედ ამიტომ არ არის ბიუჯეტში ეს მოცემული. ეს იქნება იმ საპენსიო რეფორმასთან ერთად გაცხადებული, რომელიც დაგეგმილი აქვს ხელისუფლებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო ოპოზიციის ინფორმაციით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, პენსიების ზრდა გათვალისწინებული არ არის.
„პენსიების და სოციალური დახმარების ზრდა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული არ არის, სახელმწიფო ვალი კი იზრდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.