ოქროს ფასისთვის ახალი კვირა და თვე დაღმასვლით დაიწყო.
ამის საპირისპიროდ, დოლარის კურსი და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მომგებიანობა ზრდას აგრძელებს, რასაც აშშ-ის ეკონომიკის შემდგომი გაჯანსაღების და აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სააგენტოს მიერ დოლარზე განაკვეთის დეკემბერში აწევის მოლოდინი განაპირობებს.
კომექსის სავაჭრო პლატფორმაზე, ტროას უნცია ოქროს ფასი 1 275.55 დოლარამდე დაეცა, რაც 16 აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. პარასკევის სავაჭრო სესიის დახურვის შემდეგ, ორშაბათის მინიმუმამდე ფასმა 7.70 დოლარი გაიარა.
გასულ კვირაში, ოქროს ფასს დაახლოებით 1.0 პროცენტი დააკლდა, საერთო ჯამში კი ყვითელი მეტალის ფასმა სექტემბერში დაახლოებით 2.7 პროცენტით დაიკლო, რაც წელს ერთი თვის განმავლობაში, ყველაზე დიდი კლებაა.
პარალელურად, დოლარის ინდექსი, რომელიც ამერიკული ვალუტის ექვს სხვა ძირითად ვალუტასთან მიმართებაში ჯამურ კურსს ასახავს, 0.4 პროცენტით, 93.30-მდე გაიზარდა. აშშ-ის სახელმწიფო ორწლიანი ბონდების მომგებიანობა 1.5 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ბოლო ცხრა წლის რეკორდული მაჩვენებელია. 10-წლიანი ბონდების მომგებიანობამ კი 2.36 პროცენტს მიაღწია, რაც ბოლო ორ თვეში უმაღლესი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ფედ-ის განწყობას დოლარზე საპროცენტო განაკვეთის დეკემბერში გაზრდასთან დაკავშირებით, ის თანდათან იმ მიმართულებით იხრება, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთს წელს მესამედაც გაზრდის. ასეთ განწყობას, ფედრეზერვის შეფ ჯანეტ იელენის და სხვა წევრების ოპტიმისტური განცხადებები უწყობს ხელს.
ამ ეტაპზე, გაზრდილი ყურადღება მიექცევა აშშ-ის ეკონომიკის სტატისტიკურ მაჩვენებლებს და განსაკუთრებით კი შრომის ბაზრის მონაცემებს, რომლებიც ტრადიციულად, თვის პირველ პარასკევს გამოქვეყნდება.
ოქროს ფასი ამერიკული დოლარის საპროცენტო განაკვეთთან მიმართებაში მეტად მგრძნობიარეა. საქმე ის არის, რომ ძვირფასი მეტალი რისკებისგან თავშესაფარ აქტივს წარმოადგენს, დოლარზე განაკვეთის აწევა კი რისკებისადმი ინვესტორთა ლტოლვას გაზრდის.
რა თქმა უნდა, ინვესტორები ყურადღებით აკვირდებიან მოვლენათა განვითარებას ესპანეთში, სადაც კატალონიის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეფერენდუმი ტარდება. ესპანეთიდან კატალონიის გამოყოფა, ევროზონის და ევროკავშირის ერთიანობას ძლიერ საფრთხეს უქმნის.