გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგის ზოგიერთ კომპონენტში საქართველოს პოზიციის გაუარესება დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ უფრო მეტი რეფორმა განახორციელა.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ გლობალური კონკურენტუნარიანობის 2017-2018 წლების ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენ თუ გავაანალიზებთ ბოლო ოთხწლიან, ხუთწლიან პერიოდს, საკმაოდ გაუმჯობესებულია მდგომარეობა - 88-ე ადგილზე ვიყავით, თუ სწორად მახსოვს და დღეის მდგომარეობით 67-ე ადგილზე ვიმყოფებით აღნიშნული რეიტინგის ფარგლებში. ზოგიერთ შემთხვევაში გვაქვს გაუარესება და რიგ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უფრო მეტი რეფორმა განახორციელა კონკრეტული წლის განმავლობაში, თუმცა, ზოგიერთ კომპონენტში გვაქვს გაუმჯობესება. ჩვენ შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ყველა სხვა მიმართულებით გვქონდეს გაუმჯობესება. ვიმედოვნებთ, მომავალში დაგეგმილი რეფორმები საკმაოდ მაღალ რეიტინგს შეუწყობს ხელს“, - განაცხადა კაკაურიძემ.
27 სექტემბერს გამოქვეყნებული 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, საქართველო პოზიციები გაუარესდა ისეთ საკითხებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობის პოლიტიკა - მინუს 39 პოზიცია, დავების გადაწყვეტის სამართლებრივი ჩარჩო - 26 პოზიცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა - 25 პოზიცია, ფასიანი ქაღალდების რეგულირება - 21 პოზიცია, ბიუჯეტის დეფიციტი - 16 პოზიცია, სასკოლო განათლების ხარისხი -13 პოზიცია, ფავორიტიზმი მთავრობის გადაწყვეტილებებში -12 პოზიცია, ბიუჯეტის ხარჯების ეფექტურობა -10 პოზიცია, ქრთამის აღება - 7 პოზიცია.