თბილისში ყველაზე მაღალი შენობა 1967 წელს აშენდა - ეს გახლდათ სასტუმრო „ივერია“, რომელიც 22-სართულიანია.
„ივერია“ ქალაქის იერსახეს ძალიან კარგად მოერგო, თუმცა შეკითხვა - მოუხდება თუ არა საქართველოს დედაქალაქს 20-30-სართულიანი შენობები, დღემდე აქტუალურია. უმეტესობა მიიჩნევს, რომ თბილისში ცათამჯენების მშენებლობა არ ღირს.
შესაძლებელია თუ არა თბილისში ცათამბჯენების აშენება - ამ თემაზე „ბიზნესპრესნიუსი“ კომპანია „აი სი ჯგუფის“ დამფუძნებელს, სამშენებლო სფეროს ექსპერტს, შოთა გუჯაბიძეს ესაუბრა.
- კარგია თუ არა ცათამბჯენები, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, რადგან 21-ე საუკუნის ურბანისტიკამ წარმოაჩინა, რომ ეს სწორი გზაა ქალაქის განვითარებისთვის. არ შეიძლება თბილისი უსასრულოდ გაფართოვდეს, რადგან ამ შემთხვევაში აქ ძალიან მძიმე ურბანული პირობები შეიქმნება. თანამედროვე ქალაქი სიმაღლეში უნდა გაიზარდოს და არა - სიგანეში. ვერავინ იტყვის, რომ მრავალსართულიანი ცათამბჯენი ცუდია, მაგრამ გააჩნია ადგილს, სადაც მას აშენებენ. თბილისის ის უბნები, სადაც ისტორიული მნიშვნელობის შენობებია, უნდა შენარჩუნდეს და იქ ტურისტული ზონები გაკეთდეს, მაგრამ ახალ უბნებში მრავალსართულიანი შენობები უნდა აშენდეს. თბილისში არის ასეთი უბნები, კერძოდ, დიღომი, ორთაჭალა, ბაგები და ა.შ... ცათამბჯენის აშენება ყველგან შეიძლება, მთავარია, ის თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს.
- ბატონო შოთა, რით არის ცათამჯენი ჩვეულებრივ, 5-6-სართულიან სახლზე უკეთესი?
- როდესაც ქალაქში 18-20-სართულიანი შენობა შენდება, პირველ რიგში ეს ქალაქის განტვირთვას უწყობს ხელს. აგიხსნით რატომაც: თანამედროვე, მაღალი დონის ცათამბჯენს მიწის ქვეშ შეიძლება 3-4 სართული ჰქონდეს, სადაც არის პარკინგი, დამხმარე სათავსოები, სავარჯიშო და საკონფერენციო დარბაზები, სამრეცხაო, კორპუსის დაცვა და ა.შ... ცათამბჯენებში ასეთი დამხმარე ობიექტები მიწისქვეშა ნაწილშია და ამის წყალობით ობიექტი გადატვირთული აღარ არის. ასეთი შენობები კი არ დატვირთავს, არამედ განტვირთავს ქალაქს, რადგან ნაკლები დანახარჯით უფრო მეტ ხალხს დავაბინავებთ. 24-30-40-სართულიანი ცათამბჯენები, თუ ის ევროპული სტანდარტის მიხედვით არის აშენებული, საცხოვრებლად საკმაოდ კომფორტულია და კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანია. იქ მცხოვრებ ადამიანს შენობიდან გამოსვლა არც სჭირდება, რაც ცათამბჯენის დიდი პლუსია. თანაც, სასურველია მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოეწყოს.
- თუმცა, ცათამბჯენებით ვერ დავჩრდილავთ 4-5-სართულიან სახლებს, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს.
- ძველ თბილისში არის შენობები, რომლებიც კარგადაა შემონახული, მაგრამ ამავე დროს, არის ნახევრად დანგრეული სახლებიც, რომლებსაც ვერც ვანგრევთ და ვერც ახალს ვაშენებთ. ამიტომაც უნდა მოხერხდეს იქ მცხოვრები მოსახლეობის სხვა ადგილას დასახლება. ქალაქის ძველ ნაწილში ზოგიერთი შენობის აღდგენა და რესტავრაცია შეუძლებელია. ძველი უბნების იერსახე და არქიტექტურული სტილი უნდა შევინარჩუნოთ, მაგრამ მათი გაკეთილშობილებაც საჭიროა. მრავალსართულიანი კორპუსების აგება ახალ უბნებშია სასურველი, თუმცა ძველ თბილისშიც შეიძლება, ოღონდ, გარემოს უნდა მოუხდეს და ქალაქის იერსახე არ უნდა დაამახინჯოს.
- ბატონო შოთა, არსებობს მოსაზრება, რომ ქართველი მშენებლები ვერ დაიცავენ იმ სტანდარტებს, რომლის დაცვაც ცათამბჯენის აგებისას აუცილებელია.
- კრიტიკოსები ყოველთვის იქნებიან, მაგრამ მთავარი სულ სხვა რამეა: თუ არქიტექტორი და კონსტრუქტორი შენობას სწორად დაგეგმავენ და ყველა დეტალს სწორად გათვლიან, ცათამბჯენის აშენება ძნელი სულაც არ არის. ჩემთვის, როგორც მშენებლისთვის, ერთგვარი აზარტიც კია, რომ მომხმარებელს ინოვაციური და განსხვავებული პროდუქტი შევთავაზოთ.
- ესე იგი, თბილისი შეიძლება გახდეს ცათამბჯენების ქალაქი?
- რა თქმა უნდა, და ეს სწორი მიმართულება იქნება. მართალია, დედაქალაქის სტუმრებს დუბაის, ან ნიუ-იორკის მსგავსი ცათამჯენებით ვერ გავაოცებთ, მაგრამ ეს პროცესი ურბანისტიკის მომავალია და ის გარდაუვალია.
- დაბოლოს, სეისმური თვალსაზრისით რამდენად უსაფრთხოა ცათამბჯენები?
- არანაირ საფრთხეს მრავალსართულიანი კორპუსები არ წარმოადგენს. სწორად დაგეგმილი ცათამბჯენი სავსებით უსაფრთხოა, არასწორად დაგეგმილი კი - ცათამბჯენიც საშიშია და სამსართულიანი სახლიც. სხვათა შორის, ბოლო წლებში თბილისში აშენდა რამდენიმე ცათამბჯენი, რომელიც კონსტრუქციულად და არქიტექტურული თვალსაზრისით ძალიან კარგია. ეს პირველი ნაბიჯებია და მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.
ხათუნა ჩიგოგიძე