დარწმუნებული ვარ, ის წარმატება, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის სფეროშია, ასიათასობით ახალ სამუშაო ადგილს გააჩენს , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ამისთვის საჭიროა, რომ დღესვე მოხდეს მუშაობის დაწყება იმ რეაგირებებზე, რომელიც ჰქონდათ ტურისტებს ზაფხულის სეზონის განმავლობაში.
„ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, მომსახურების სფეროების და ასევე კულტურის მიმართულებით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მიმზიდველი გავხადოთ და შევქმნათ განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესში სამუშაო ადგილები. ისიც ძალიან მახარებს, რომ წელს პირველად მოხდა, როდესაც ბათუმში დიდი სასატუმროების გარდა კერძო სასტუმროები დაიტვირთა. ეს ძალიან კარგია. ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული სასტუმროების ქსელების განვითარებისთვის და ეს არის კიდევ უფრო მეტი სტიმული, რომ მცირე, ოჯახური ტიპის სასტუმროებმა აიღონ კრედიტები, განავითარონ, მოაწესრიგონ თავიანთი მცირე ინფრასტრუქტურა და მიიღონ კიდევ უფრო მეტი შემოსავალი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.