საქართველოში მიმდინარე წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა 28,8%-ით გაიზარდა და 2 783 594 შეადგინა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ პრესკონფერენციაზე განუცხადა. მან ტურისტული რაოდენობის ზრდის მხრივ 2017 წლის სექტემბრის თვის სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 763 729 სართაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 20.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა (24 საათი და მეტი) 380 895-ს გაუტოლდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24,8%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2017 წლის 9 თვეში, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 5 822 835 შეადგინა, რაც 19,2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 28,8%-ით და 2 783 594 შეადგინა.
2017 წლის 9 თვეში მეზობელი ქვეყნების გარდა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ირანიდან, საუდის არაბეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდამ. ტურისტული ნაკადების ზრდის პარალელურად იზრდება შემოსვლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2017 წლის 8 თვეში ტურიზმიდან შემოსავლების 29,1%-იანი ზრდა დაფიქსირდა და 1 859.6 მლნ შეადგინა. 2017 წლის ზაფხულში გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მთის კურორტებზე. კერძოდ, ოთხივე კურორტზე: (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) 73 353 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.
რაც შეეხება სამომავლო გეგემებს, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააგრძელებს ეფექტიან მარკეტინგულ კამპანიების წარმოებას იმისთვის, რომ საქართველოს შესახებ ცნობადობა ამაღლდეს. ასევე გაგრძელდება საერთაშორისო აქტივობა, საერთაშორისო ჟურნალისტების მოწვევის კუთხით, რაც მისი თქმით, საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
კურორტებზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა მთის განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ონოფრიშვილმა. მისი თქმით, კურორტებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამ ვიზიტორების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. ონოფრიშვილის თქმით, ამ კუთხით აქტივობა გაგრძელდება.
„რაც შეეხება ადგილობრივ პროექტებს, წელს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო აშენდება და დეკემბერში დასრულდება სამშენებლო სამუშაოები. წლევანდელი წელი არის რეკორდული და გაუმჯობესებული საზაფხულო სეზონი“, - განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.