მილანში ტყავის საერთაშორისო გამოფენაში LINEAPELLE სამი ქართული ტყავის პროდუქციის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იუწყება, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანის გამოფენაზე ქართული სტენდის ქვეშ, ტყავის პროდუქციას კომპანიები: შპს „ჯეოპელი“, შპს „ფილიმასკა“ და შპს „დერი სტანდარტი“ წარმოადგენენ. ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცემათ მნიშვნელოვანი ბიზნეს და სავაჭრო კავშირები დაამყარონ გამოფენაში მონაწილე უცხოურ კომპანიებთან და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.
სავაჭრო გამოფენა მილანში 4-6 ოქტომბერს გაიმართება და იგი 1981 წლიდან დღემდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ტყავის პროდუქციის ინდუსტრიაში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს. გამოფენას 22 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს, ხოლო მონაწილე კომპანიების რაოდენობა 1 200-ს აღემატება.
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს პერმანენტულად უწევს ორგანიზებას და აღნიშნული სახის გამოფენებში მონაწილეობით ხელს უწყობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.