„ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი (პტი)ხალხმრავალ და სატრანსპორტო საშუალებების ინტენსიური მოძრაობის ადგილებში არ უნდა მდებარეობდეს“.
ამის შესახებ, ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით, შვეიცარიული კომპანიიის SGS-ის მიერ მომზადებულ ანგარიშშია საუბარი. სწორედ აღნიშნული კომპანია უწევს კონსულტაციას სახელმწიფოს ავტომობილების ტექდათვალიერებასთან დაკავშირებით.
კომპანიის ანგარიში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობებისა და აღჭურვილობის მოთხოვნების განსაზღვრას, ასევე, პერსონალის ტექნიკურ კვალიფიკაციას ეხება.
"ცენტრები უნდა შეესაბამებოდნენ ადგილობრივ რეგულაციებს. ცენტრის
შესასვლელი და გამოსასვლელი უნდა იყოს დამოუკიდებელი, მითითებული უნდა იყოს
პტი ცენტრიდან საგზაო მოძრაობაში შეუფერხებელი და უსაფრთხო გადასვლის გზები და
საშუალებები", - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, დოკუმენტში ჩამოთვლილია ის აღჭურვილობა, რაც ცენტრებს უნდა გააჩნდეს. მათ შორის ძირითად აღჭურვილობას წარმოადგენს: ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ასს) ქვემოდან სათანადოდ დათვალიერებისა და შემოწმების საშუალება, ინსპექტირების სათვალთვალო ორმო ან ამწე; ფარების ტესტირების საშუალება; სამუხრუჭო ტესტერი; გამონაბოლქვის შესამოწმებელი მოწყობილობა: გაზოანალიზატორი; დიზელის გამონაბოლქვის გამჭვირვალობის მზომი; თვლების შეყრის კუთხის მზომი (მხოლოდ LV კატეგორიისათვის); თვლის ფოლხვის დეტექტორი.
ანგარიშის თანახმად, ტესტირების ცენტრი ვალდებულია, ყოველი თვის 10 რიცხვამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა მიაწოდოს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყება და ის ეტაპობრივად განხორციელდება.