ეკონომისტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე 680 მილიონიანი პროექტის შესახებ წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ამჟამად თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 8 პროექტია, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 680 მილიონ დოლარს აჭარბებს. რვავე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 400 მლნ ლარამდე. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ჯამურად საქმდება 20,000 ადამიანზე მეტი, ხოლო კომპლექსების ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს გაუტოლდება. ეს პროექტები, თავისი მასშტაბით, მნიშვნელობით, მართლაც უპრეცენდენტო და პრაქტიკულად საქველმოქმედოა -არ არსებობს სხვა ინვესტორი, ბიზნესმენი, რომელიც ამხელა ინვესტიციას ჩადებს ამ პირობებით, ეს პრაქტიკულად საქველმოქმედო პროექტია.
რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას და შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ არავითარი მიწის ნაკვეთი ერთ ლარად, არ მიუღია თანაინვესტირების ფონდს და რომ ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოსგან არაფრის ჩუქება არ ჭირდება და პირიქით, ის მუდამ აქეთ ეხმარება ქართულ სახელმწიფოს და ხელს უწყობს განვითარებაში და ეს სიახლე არავისთვის არის. მოხდა თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საპარკინგე ადგილის გადაცემა საინვესტიციო ვალდებულებით და თანაინვესტირების ფონდმა აიღო ვალდებულება, რომ ქალაქის ცენტრში, იქ სადაც თბილისის მერიის მიერ იდენტიფიცირებული იყო საპარკინგე ადგილის მწვავე საჭიროება თანაინვესტირების ფონდი მინიმუმ მილიონს დახარჯავს მიწისქვეშა ავტოსადგომის მოსაწყობად. ამასთან აღსანიშნავია, რომ პუშკინის პირველ ნომერში მშენებარე ახალ 7 ვარსკვლავიან სასტუმროს, ისედაც აქვს თავისი პარკინგი და ახალ სივრცესთან ერთად მიწისქვეშ, მინიმუმ 150 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. ამასთან, რატომღაც არავინ საუბრობს გვერდით მდებარე გალერეა თბილისზე, სადაც ასევე 250-დე ავტომობილზე გათვლილი საპარკინგე სივრცე მოეწყო.
რაც შეეხება თაბორის მთაზე ნახევარ ჰეტარამდე მიწის ნაკვეთისთვის რეკრეაციული ზონა 2-ის სტატუსის მინიჭებას და მის კომერციულ ფასად გაყიდვის გადაწყვეტილებას. აქაც უნდა ითქვას, რომ თაბორის მთაზე კეთდება, თბილისში ყველაზე დიდი 40 ჰა-იანი სარეკრეაციო სივრცე. პარკი, რომელშიც განთავსებული იქნება ხელოვნური ტბა, გოლფის მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ველობილიკები და ა.შ. ეს იქნება თბილისის ყველაზე დიდი პარკი, რომლის მსგავსი რეკრეაციული სივრცეც აქამდე არ შექმნილა. ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთს სტატუსი შეეცვალა, სწორედ ამ 40 ჰა-ს და ბოტანიკური ბაღის იმ ნაწილის გასარწყავიანებისთვის, რომელიც დღემდე ვერ ირწყვება.
მნიშვნელოვანია, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად დედაქალაქს ექნება მასშტაბური გამწვანებული სივრცე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თბილისელებისთვის და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს იმ პირობებში, როდესაც თაბორის მთაზე დღეს, ნარგავების დიდი ნაწილი (11000 ხიდან 4000-მდე ხე) დაავადებულია. საბოლოო ჯამში ჩვენ თაბორის მთაზე ვიღებთ ახალ პარკს, ახალ დასასვენებელ სივრცეს, სადაც დაგეგმილია ნარგავების რაოდენობის მინიმუმ გაორმაგება," - წერს დუნდუა