Philips-ი საქართველოში რეგიონულ სერვის ცენტრს გახსნის

ჰოლანდიური კომპანია Philips-ი საქართველოში რეგიონულ სერვისცენტრს გახსნის.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Royal Philips-ის გლობალური მართვის აღმასრულებელი თავმჯდომარის, ჰარი ჰენდრიკსის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი სწორედ ასეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რადგან მსოფლიო მნიშვნელობის წამყვანი კომპანიების საქართველოში შემოსვლა მისი ჰაბური ტიპის ეკონიმიკად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

საინვესტიციო სააგენტოს თავმჯდომარის თქმით კი, Philips-ი საქართველოში სერვის ცენტრის გახსნით მათი პროდუქციის დისტრიბუციას და სერვისებით მომსახურებას უზრუნველყოფს, როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

Philips-ის თბილისის ოფისი ორიენტირებული იქნება ისეთ სერვისებსა და მომსახურებაზე, როგორებიც არის ენერგო ეფექტური განათების სისტემები, ინოვაციური ჯანდაცვა და სამომხმარებლო პროდუქცია.

Philips-ი 1891 წელს დაარსდა. 2013 წელს კომპანიის გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავალმა 23,3 მილიარდი ევრო შეადგინა. კომპანია ამჟამად 100-ზე მეტ ქვეყანაში 115,000 თანამშრომელს ასაქმებს.